„წარსულის სახეები“ – ახალი ტექნოლოგიები ქართული სიძველეების გადასარჩენად

ბევრმა არ იცის, საქართველო რაოდენ დიდი განძის მფლობელია. ბევრმა არ იცის ამ განძის გადასარჩენად რამდენი ადამიანი შრომობს. დღეს მათი შრომა არ ფასდება და არც მათი პროფესიაა „მოდაში“, მაგრამ ისინი, ძველი თაობა, მაინც მუშაობს და ახალ თაობასაც ზრდის! დღეს ამ პროფესიის ერთ-ერთ წარმომადგენელთან ჩაწერილ, ძალიან საინტერესო ინტერვიუს წარმოგიდგენთ.
ჩემი და ქალბატონი თამარ გაგნიძის შეხვედრა შემთხვევითობის დამსახურებაა. ქალბატონი თამარი ჩემი მეგობრის, თამუნა ნოსელიძის მეგობარია.ის თამუნას ესტუმრა და ასე გავიცანით ერთმანეთი. ერთხელთავსგადახდენილზე მომითხრო, იმ დევნა-შევიწროებასა და წამებაზე (არ ვაჭარბებ, ამ ამბებს სხვა დროს მოგითხრობთ), რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს გადაიტანა მან, მისმა ოჯახმა და რასაც ქალბატონი თამარის დედა ემსხვერპლა (ნათელში იყოს). ერთხელ მის საქმიანობაზე ვისაუბრეთ. მესამედ ვუსმენდი იმ დღეს ქალბატონ თამარს, თვალები ჰქონდა ცრემლებით სავსე. ქალი მომიყვა, როგორ სასტიკად გაუსწორდა სააკაშვილის რეჟიმი და არ უტირია, ქალი მიყვებოდა თავის საქმიანობაზე და ტიროდა!
აი, სწორედ ამ ცრემლების, აკანკალებული ხელების გამო გადავწყვიტე მასთან ინტერვიუ ჩამეწერა, მაგრამ ის დამეკარგა. ჩავთვალე რომ არ მთვლიდა იმ ჟურნალისტად, ვისთვისაც ინტერვიუ უნდა მიეცა.მართალია სოციალური ქსელის მეშვეობით შემეძლო მეკითხა მისთვის მიზეზი, მაგრამ მომერიდა – არაფერი ვკითხე.
ორიოდ დღის წინ ქალბატონი თამარი მესტუმრა, თურმე სომხეთში ყოფილა: „ერევანში ყოველწლიურად იმართება სამეცნიერო სემინარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე. წელს ჩატარდა მერვე საერთაშორისო სემინარი – „წარსულის სახეები“. სემინარში მონაწილეობა მიიღეს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების, ასევე ევროპისა და აზიის წამრომამდგენლებმა. ზოგადად ეს არის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი სემინარი, განსაკუთრებით ჩვენისთანა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნებისათვის. ამ სემინარში მონაწილეობა ძალზედ მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აქ წარმოდგენილი არის სამეცნიერო თემები, ახალი კვლევები ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ იცვლება ტექნოლოგიები და სიძველეები განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას საჭიროებს“.
გადავწყვიტე ინტერვიუს ჩაწერა-დამეთანხმა, თუმცა ინტერვიუმდე მინდა გიორგი კალანდიას სტატიიდან ამონარიდი გაგაცნოთ:
„ქაღალდსაფუძვლიანი და პერგამენტსაფძვლიანი დოკუმენტური მასალის, რესტავრაცია-კონსერვაციის სკოლის ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი თამარ სახოკიაა, თამარ გაგნიძის ბებია. საქართველოს სახელმწიფო არქივის ბაზაზე 1942-43 წლებში მან დაარსა ამიერკავკასიაში პირველი, რესტავრაციისა და მიკროფილმირების რესპუბლიკური ლაბორატორია. თამარ სახოკიას მიერ შემუშავდა არა ერთი მეთოდი ეტრატისა და ქაღალდსაფუძვლიანი მასალის რესტავრაციისა. მის ლაბორატორიაში, მუდმივად სტუმრობდნენ გამოცდილების გაზიარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩამოსული სპეციალისტები პოსტსაბჭოთა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან (ინგლისი, საფრანგეთი, განა, ა.შ.შ, პოლონოთი და სხვა). 1987 წელს, როკფელერის ფონდმა თამარ სახოკია აშშ–ში მიიწვია, სადაც იგი ამერიკელ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებასა და მეთოდებს უზიარებდა. იმავე წელს, განსაკუთრებული ღვაწლისათვის, იგი მსოფლიო არქივისტთასაპატიო “წითელ წიგნში” შეიყვანეს. სახოკია იყო მეორე სსრკ-დან და პირველი ამიერკავკასიიდან, ვისაც ეს პატივი ხვდა წილად. მისი მაღალიპროფესიონალიზმის წყალობით ათიათასობით უნიკალურ დოკუმენტურ და ფოტომასალას გაუხანგრძლივდა სიცოცხლე. „სწორედ, ქ-ნ თ ამარ სახოკიას შთამომავალი და მისი საქმის გამგრძელებელია თამარ გაგნიძე“.
თამარ გაგნიძე იხსენებს: „1993 წლიდან ვმოღვაწეობ რესტავრაციის სფეროში, დავიწყე ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაცია- კონსერვაციისა და მიკროფილმების რესპუბლიკური ლაბორატორიის ინჟინერ- ქიმიკოსიდან და 2004-2011 წლამდე ამ ლაბორატორიის ვხელმძღვანელობდი. ვარ არა ერთი სამეცნიერო სტატიისა და თეზისის ავტორი, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის “საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების წარმოების ხელშემწყობ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი”-ს ბაზაზე, უკვე მეხუთე წელია ვეწევი სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს, ჩემს კოლეგასა და ცენტრის ხელმძღვანელ, მაია წვერავასთან ერთად. პირველი კვლევა გახლდათ ჩემი სადისერტაციო ნაშრომი – “ქაღალდსაფუძვლიანი ისტორიული დოკუმენტების გარეცხვა-გათეთრება, ნეიტრალიზაციის ტექნოლოგიური პროცესის კვლევა”. ეს ნაშრომი წარმოვადგინე ერევანში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მე-8-ე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარზე, რომელიც გაიმართა ამ აწლის 11-16 სექტემბერს. კვლევა ეხება საარქივო მასალისა და საბიბილიოთეკო ფონდების რესტავრაცია-კონსერვაციაში უმნიშვნელოვანეს პრობლემას- ქაღალდსაფუძვლიანი დოკუმენტების მომატებული მჟავიანობის განეიტრალებას, რაც უზრუნველჰყოფს წერილობითი და ბეჭდური ისტორიული მასალის ხანგამძლეობასა და დაცვას. სწორედ, მომატებული მჟავიანობა გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დოკუმენტის და ზიანებისა და დაღუპვისა“.
შესავლისათვის: ორი ათეულ წლამდე ბეჭდურ მედიას წარმოვადგენდი, დღემდე მიყვარს სტამბის სუნი, გაზეთის საღებავისაგან გაშავებული თითები. შეიძლება ბევრმა ვერ წარმოიდგინოს, შეიძლება დამცინონ კიდეც, მაგრამ ასეთი ვარ და სხვაგვარად არ შემიძლია. მიყვარს სტამბის სუნი, გაზეთის საღებავი და თუ ჩემი რესპოდენტის თვალით ვერ გამოვიხედავდი, იმ სტატიას არასდროს ვწერდი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ გრძნობით, ცრემლიანი თვალებით საუბრობს ქალბატონი თამარი თავის საქმეზე, იმ სიძველეებზე, რასაც საქართველოს ისტორია ქვია და რამაც მოგვიყვანა დღემდე. მე ამას ვერ გადმოვცემ, ეს უბრალოდ უნდა ნახოთ!
_ ჩემი სფერო არის ხელნაწერი,ბეჭდური დოკუმენტების და საბიბლიოთეკო ფონდების (საარქივო მასალების) რესტავრაცია-კონსერვაცია. ამ მხრივ ნამდვილად შეგვიძლია მსოფლიოში თავი მოვიწონოთ, საკმაოდ ძველი და საკმაოდ მდიდარი კოლექციებით. საქართველოს არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ინსტიტუტში, საქართველოს მუზეუმებში დაცული არის, არა მხოლოდ ქართული წერილობითი ძეგლები, არამედ ძალიან მდიდარი სპარსული, ოსმანური, სომხური, პოლონური, გერმანულიფონდები.დიდმა ქართველმა, ცხონებულმა გურამ შარაძემ, რომელიც თანამშრომლობდა და მეგობრობდა ჩემს ბებიასთან, თამარ სახოკიასთან, ძალიან ბევრი იღვაწა და საქართველოს დაუბრუნა, ამერიკასა და საფრანგეთში დაცული ქართული ემიგრაციის ამსახველი დოკუმენტები. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაინტერესებული ვიყოთ ახალი კვლევებით და თავადაც ვაწარმოოთ რესტავრაცია-კონსერვაციის კუთხით სამეცნიერო -კვლევითი სამუშაოები. მე ახლა კონკრეტულად ხელნაწერებით შემოვიფარგლე, თუმცა იგივე ვრცელდება ისტორიული მემკვიდრეობის რესტავრაცია-კონსერვაციის ყველა მიმართულებაზე.
_ ახალი სიტყვა თუ ითქვა ამ სემინარზე?
_ დიახ, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო საწარმოო სისტემებისა და ტექნოლოგიების სპეციალისტის, გერმანელი მეცნიერის, ნიკოლაი ბერტრამის კვლევა გამოსახულების ავტომატური კვლევისა და იდენტიფიცირების შესაებ. მან შექმნა ახალი ინოვაციური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ბევრად აადვილებს რესტავრატორის საქმეს. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ გვხდება დაქუცმაცებული საბუთები, რომელთა აღდგენა საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესია. ეს კომპიუტერული პროგრამა, იძლევა დოკუმენტის ისე აწყობის საშუალებას, რომ ყველა ფრაგმენტი საჭირო ადგილას დადგეს.ეს აადვილებს რესტავრატორის საქმეს.
_ პროგრამა უკვე „ძალაში შევიდა“?
_პროგრამამ, რომელიც ჯერ სრულყოფის პროცესშია, გაიარა აპრობაცია გერმანიაში, შესაბამისად ეს პროგრამა ალბათ ძალიან ძვირადღირებული იქნება. მოხარული ვიქნები თუ საქართველო შესძლებს და შეიძენს ამ პროგრამას. მინდა გითხრათ, რომ გერმანელები ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ სასომხეთის მატენადარანის ცენტრთან. როგორც მივხვდი კერძო საუბრებიდან, სომხები აპირებენ შეიძინონ ეს პროგრამა.
_ თქვენ რაზე მუშაობთ ამჟამად?
_ ეს არის ადგილობრივი ბუნებრივი ნედლეულის გამოყენება რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესში. რესტავრაცია ძვირადღირებული ფუფუნებაა, მასალების მრავალფეროვნებიდან და სიძვირიდან გამომდინარე. თითქმის ყოველწლიურად ახალი მასალა გამოდის თუმცა, ეს ჩემი სუბიეტური აზრია – მე წინააღმდეგი ვარ ბრმად, წინასწარი აპრობაციის გარეშე მათი გამოყენების… ისტორიულად ყველა ქვეყანას ჰქონდა ხელნაწერის შექმნის, საღებრებისა და მელნების, ეტრატის და ტყავის დამზადების თავისი ტექნოლოგია, მათი მდებარეობიდან, ბუნებრივი რესურსებიდან, კულტურიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე. ვიცით, რომ ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით კი იტალია განთქმულა ხელოვნების ნიმუშებითა და არქიტექტურული ძეგლებით, ფერთა საოცარი მრავალფეროვნებით. ჩვენთან, საქართველოში კი, ისოტირული სინამდვილიდან გამომდინარე, მუდმივი ომიანობის ფონზე ნაკლებად გვეცალა ფერადოვნებისათვის, თუმცა წიგნიერება უმთავრესი იყო მუდამ.
_ აისახება კიდეც.
_ დიახ, არ არის ფერთა სიჭარბე. უძველესი დროიდან გვქონდა მცენარეული და მინერალური საღებრების ტრადიციული რეცეპტურა. იგივე შეეხება ეტრატს, რომელიც არის ბუნებრივი, ცხოველური მასალა. საქართველოში ძირითადად ეტრატი ხბოს ტყავისგან მზადდებოდა. ასე, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს ნივთიერებებისა და მასალების შერჩევა. შეიძლება რომელიმე მასალამ კარგი შედეგი მოგვცეს სპარსულ ხელნაწერზე მუშაობისას, მაგრამ არ შეესაბამოს ქართულ ხელნაწერს.
_ ეს მხოლოდ ხელნაწერებს ეხება?
_ არა, ზოგადად რესტავრაციას. იყო შემთხვევები, როცა საზღვარგარეთ აპრობირებულმა მასალებმა ჩვენს ექსპონატებზე არ გაამართლა. ამიტომ, სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის აქტიური ჩართვა ამ სფეროში აუცილებელია. სამწუხაროდ ჩვენთან რესტავრაციას რატომღაც სახელოვნებო დარგად განიხილავენ, რაც იმთავითვე ძალიან დიდი შეცდომაა. ეს არის მეცნიერების, ხელოვნების და ხელობის კომპოზიცია და ერთმანეთის გარეშე მათი წარმოდგენა შეუძლებელია. აი, სწორედ ამიტომ ვფიქრობ (რაშიც ბევრი კოლეგა მეთანხმება) და კვლევებიც ადასტურებს, რომ ბუნებრივი მაქსიმალურად ბუნებრივით უნდა დამუშავდეს და აღდგეს. მიმაჩნია, რომ სიძველე ვერ იტანს ზედმეტ გათანამედროვებას და ამიტომ მაქსიმალურად არის საჭირო ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გამოყენება. სასომხეთში სადეზინფექციო მასალად გამიყენეს მცენარე „ასფურცელა“ („პიჟმა“), რომელიც საქართველოს მთიან რეგიონებშიც ჭარბადაა. მათ ამ მცენარის წვენისაგან, მიიღეს სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც არაჩვეულებრივად მოქმედებს მიკრობიოლოგიური დასნებოვანების წინააღმდეგ. მინდა ამ მცენარის ადგილობრივი ჯიში გამოვიკვლიო, მადლობა ჩემს სომეხ კოლეგებს. სადეზინფექციო ხსნარები მნიშვნელოვანია ჩვენს სფეროში და რაც უფრო უსაფრთხო, უნივერსალური ქმედების და ბუნებრივი იქნება,მით უკეთესია.
_ აქ დავასრულოთ ჩვენი საუბრის პირველი ნაწილი, როგორც თქვენგან ვიცი, ძალიან სერიოზულ კვლევას ატარებთ და მინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ამ კვლევის შესახებ დეტალები ვრცლად იცოდეს.

პირველი ნაწილის დასასრული

მოამზადა დარეჯან მეფარიშვილმა

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა – პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“მთელი ხელისუფლება არის მკვლელებით დაკომპლექტებული” – ზაზა სარალიძე სკანდალური ჩანაწერებს ეხმაურება