წარმოუდგენელია, რომ ვაქცინა იმაზე მეტს აფუჭებდეს, ვიდრე გააკეთებს – პედიატრები მოზარდების აცრაზე

წარმოუდგენელია, რომ ვაქცინა იმაზე მეტს აფუჭებდეს, ვიდრე გააკეთებს- ამბობენ პედიატრები, რომლებიც კოვიდინფიცირებულ ბავშვებთან მუშაობენ, მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით.

ექიმების თქმით, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რადგან ქვეყანაში მოზრდილების იმუნიზაციის მაჩვენებელი არის დაბალი, იზრდება მოზარდების ინფიცირების რისკები.

“რაც შეიძლება მეტი დედა, მეტი მამა, ბებია-ბაბუა, მასწავლებელი, ექიმი უნდა იყოს აცრილი, რომ ბავშვებს ნაკლები საფრთხე შეექმნათ. მშობლებთან, რომლებსაც ჰყავთ 12-18 წლამდე ბავშვები, თხოვნა მექნება, გაიაზრონ ეს რისკები. გაიხსენონ რამდენი მძიმე დაავადების დამარცხება მოახერხა ვაქცინამ. წარმოუდგენელია, რომ ვაქცინა იმაზე მეტს აფუჭებდეს, ვიდრე გააკეთებს”,- ამბობს ლალი ჯანაშია, პედიატრი.

პედიატრი ეკა კანდელაკი ამბობს,რომ მისი მთავარი ამოცანა იქნება, მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

“მე, როგორც პედიატრი, ერთმნიშვნელოვნად, როგორც კი ეს საკითხი დადგება და ჩვენს ვაქცინაციის პროტოკოლში შევა, რომ 12 წელს ზემოთ კონკრეტული ვაქცინით იქნება ნებადართული ვაქცინაცია ავუხსნი რა კვლევებს ეყრდნობა, რა დადებითი შედეგია… ვაქცინაცია მისცემთ საშუალებას იყვნენ თავისუფლად სკოლაში, თავიანთ გარემოში და საზოგადოებას მოუტანონ ბევრი სიკეთე იმით, რომ ნაკლებად გაავრცელებენ დაავადებას და მეორე – ახალი შტამების წარმოქმნასაც შეეშლება ხელი და პროცესი შეფერხდება”,- თქვა ეკა კანდელაკმა

banner
წინა სტატიაშიბალანჩივაძეების ქუჩაზე გზის კეთილმოწყობა დასრულდა
შემდეგი სტატიამე მინდა სხვა სახით შეგახედოთ ამ პანდემიაზე – მეუფე იაკობი