,,წამზომი ჩართულია“: 609 დღე – პირადი ცხოვრების ჩანაწერების საქმე – ომბუდსმენი შედეგებს აჯამებს

სახალხო დამცველი კამპანიას ”წამმზომი ჩართულია“ აჯამებს.კამპანია ომბუდსმენმა 2016 წლის 28 მარტს დაიწყო და ის მიზნად ისახავდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მასშტაბურ და სერიულ დარღვევებზე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ადეკვატური პასუხის მიღებას. ომბუდსმენის შეფასებით, კამპანიის დაწყების დღიდან 609 დღე გავიდა და ამ დრომდე ყველა ფაქტი სრულყოფილად არ არის გამოძიებული და შესაბამისად, არ არიან დასჯილნი დამნაშავე პირები.

“საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 28 მარტს დაიწყო კამპანია „წამმზომი ჩართულია“, რომელიც მიზნად ისახავდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მასშტაბურ და სერიულ დარღვევებზე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ადეკვატური პასუხის მიღებას. სახალხო დამცველის განცხადებით, უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი ფაქტების გამუძიებლობამ მნიშვნელოვნად განაპირობა პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევის პრაქტიკის დანერგვა. იმისათვის, რომ საზოგადოებაში აღდგეს პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა და დანაშაულის ჩამდენ პირებში დაუსჯელობის სინდრომი აღმოიფხვრას, აუცილებელია თითოეული მსგავსი საქმის ეფექტიანი გამოძიება და საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება გამოძიების შედეგების შესახებ. სწორედ ამ მიზნით, კამპანიის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს უწევდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით დაწყებულ არაერთ გახმაურებულ გამოძიებას.

კამპანიის ფარგლებში გაცხადებული მიზნები სრულყოფილად ამ დრომდე არ შესრულებულა. კერძოდ, პროკურატურა ჯერ კიდევ აწარმოებს გამოძიებას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე; ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედების მიუხედავად, დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი ამ დრომდე არ დასჯილა და საზოგადოება სრულყოფილად არ არის ინფორმირებული გამოძიებების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ, მათ შორის პირადი ცხოვრების უფლების მასიური დარღვევების ფაქტებზე.

➢ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების საქმე

2016 წლის 11 და 14 მარტს, 12 აპრილსა და 12 ივნისს სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომელიც შეიცავდა საზოგადოებისთვის ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. საქმეზე 2016 წლის 15 მარტს დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ ჩაატარა არაერთი მოქმედება, სამართლებრივი დახმარება სთხოვა აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებს და ბრალდებულად ცნო კონკრეტული პირები.

პროკურატურამ რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს ჩანაწერების უკანონო მოპოვებაში, ხოლო რამდენიმე კერძო პირს, ჩანაწერების შენახვაში დასდო ბრალი. თუმცა, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები ამ პირთა დაკავების შემდგომაც გავრცელდა. ამასთან, ამ დრომდე არ მომხდარა ჩანაწერების სავარაუდო გამავრცელებელთა იდენტიფიცირება. სახალხო დამცველის აპარატი საქმესთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაციის მიღებას შეეცადა, თუმცა საქართველოს მთავარი პროკურატურის პასუხი ამ განცხადების მომზადების დროისთვის არ მიუღია.

➢ 2015 წლის 24 და 29 ოქტომბრისა და 2 ნოემბრის ფარული აუდიოჩანაწერების საქმე

2015 წლის 24 და 29 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს უკრაინული გამოცემებით გავრცელდა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი საუბრების აუდიოჩანაწერები სხვადასხვა, საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან.

აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სსკ 315–ე (შეთქმულების) მუხლით დაიწყო. სახალხო დამცველის განცხადების მიუხედავად, პროკურატურამ უარი თქვა დაეწყო გამოძიება აუდიოჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. სამართალდამცავი სტრუქტურების სწრაფი რეაგირება აუდიოჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე მისასალმებელია, თუმცა მათი მოპოვების და გავრცელების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების უგულებელყოფა კითხვის ნიშნებს ბადებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაწყებულ გამოძიებას მოგვიანებით გრიფი „საიდუმლო“ დაედო და გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

➢ 2015 წლის 17 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერის საქმე

2015 წლის 17 ოქტომბერს გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას ასახავდა (ე.წ. „კასრების საქმე“). მოგვიანებით ამ ჩანაწერის საჯარო ჩვენება ზუგდიდსა და თბილისში მოეწყო. დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი არაერთხელ გამოეხმაურა სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროებას და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება სწრაფი და ეფექტიანი იქნებოდა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 პირი დამნაშავედ ცნო.

➢ 2016 წლის 14 სექტემბრის, 27 სექტემბრისა და 3 ნოემბრის აუდიოჩანაწერების საქმე

2016 წლის 14 სექტემბერს, 27 სექტემბერსა და 3 ოქტომბერს მასმედიით გავრცელდა პოლიტიკოსთა და საზოგადოებისთვის ცნობილ პირთა სატელეფონო საუბარების აუდიოჩანაწერები, რაზეც დაიწყო გამოძიება, თუმცა, დაზარალებულად ან ბრალდებულად ამ დრომდე არავინაა ცნობილი.

➢ ფარული ჩანაწერების 26 ათასი ფაილის საქმე

საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია 2013 წელს აღმოჩენილ 26 ათას ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ განადგურდა მხოლოდ 144 ფაილი, ხოლო, დანარჩენ დანაშაულებრივ ფაქტებზე ცნობილი არიან თუ არა დაზარალებულები ან/და ბრალდებულები, უცნობია.

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების „ეპიდემიის“ შესაზღუდად პარლამენტმა გაამკაცრა პასუხისმგებლობა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის. ამ ცვლილებისთვის დამახასიათებელი ბუნდოვანების შესახებ სახალხო დამცველმა 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში ისაუბრა. პრობლემას წარმოადგენდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან (ე.წ. „მოსმენების კანონთან“) დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების სამართლებრივი ბუნებაც.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დანაშაულის ეფექტიან პრევენციას, სანქციის ზრდასთან ერთად, თითოეული მსგავსი შემთხვევის სრულყოფილი გამოძიება და დამნაშავე პირთა დასჯა წარმოადგენს. საზოგადოებას პროაქტიულად მიეწოდება მხოლოდ მწირი ინფორმაცია მსგავს, მათ შორის გახმაურებულ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფაქტებზე გამოძიების შედეგების შესახებ.

სახალხო დამცველის მიერ წამმზომის ჩართვიდან კამპანიის დასრულებამდე 609 დღის განმავლობაში, პირადი ცხოვრების უხეში შელახვის ყველა ფაქტი სრულყოფილად გამოძიებული არ არის და შესაბამისად, არ არიან დასჯილნი დამნაშავე პირები. სახელმწიფომ და სამართალდამცავმა ორგანოებმა შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოუცხადონ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევასა და წამებისა თუ სხვა სასტიკი მოპყრობის ფაქტებსა და მათ გავრცელებას, რაც უდიდეს გამოუსწორებელ მორალურ ტკივილს აყენებს ადამიანს.” ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას დედა ექიმის დასჯას ითხოვს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ პოლიტპატიმრის უკანონოდ დაკავების და ციხეში ძალადობის მორიგი ფაქტები გახსნა