წამლებზე ხელმისაწვდომობა პირველი რიგის პრობლემაა, რასაც ორი ფაქტორი განსაზღვრავს – საკუთრივ ფასი და გამოწერილი მედიკამენტების რაოდენობა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს დავით სერგეენკოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კითხვები წამლის ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე დაუსვეს.

როგორც „თაიმერს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრობის კანდიდატის თქმით, წამლებზე ხელმისაწვდომობა პირველი რიგის პრობლემაა, რასაც ორი ფაქტორი განსაზღვრავს – საკუთრივ ფასი და გამოწერილი მედიკამენტების რაოდენობა.

სერგეენკოს განმარტებით, გასულ წელს დაწყებული პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეუძლიათ თვეში მაქსიმუმ ერთ ლარად შეიძინონ მედიკამენტები, მიმდინარე წლის ივლისში გაფართოვდება, რათა პენსიონერებმაც და შშმ პირებმაც შეძლონ შეღავათებით სარგებლობა.

დავით სერგეენკომ კიდევ ერთხელ მოუწოდა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომ ისარგებლონ მნიშვნელოვანი შესაძლებლობით და ჩაერთონ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში.

რაც შეეხება ფასებს, დავით სერგეენკოს თქმით, ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში 100%-ით კერძოა.

„სახელმწიფოს არ აქვს საპირწონე, შესაბამისად სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს 3 მიდგომა პირველი – კერძო – სახელმწიფო თანამშრომლობის მოდელები, რასაც ვიყენებთ. მეორე – დააწესოს მოგების ზღვრები და მესამე – უზრუნველყოს სისტემის მაქსიმალური კონკურეტუნარიანობა. კონკურენტუნარიანობა უზრუნველყოფილია, რადგან ბაზარი მართლაც გახსნილია. თანამშრომლობა, ჩემი აზრით, უმჯობესდება ბოლო პერიოდის განავლობაში; ზღვრის დაწესებას რაც შეეხება, ჩვენ შეგვიძლია, მოგების ზღვარი დავუწესოთ მწარმოებლის ფასიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ზემოქმედებას ვერ მოვახდენთ მწარმოებლის ფასზე. თუმცა არ ნიშნავს, რომ ეს თემა დახურულია. ჩვენ გვაქვს ამ საკითხზე კონსულტაციები, რომელსაც ალბათ გავაგრძელებთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაში2012 წელს სასჯელაღსრულების სისტემის სახით ჯოჯოხეთი ჩავიბარეთ – რეფორმები, რაც ამ სისტემაში განხორციელდა, “ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარია
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი – გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში დიდი ცვლილებებია საჭირო