“წამებში მოხდა ყველაფერი, გადატენა, მომიბრუნდა და დამიზნებით მესროლა” – 20 ივნისს დაჭრილი ქალი სპეცრაზმელის ქმედებას იხსენებს

„გავრილოვის ღამეს“ დაზარალებული თეა მესხიშვილი, რომლისთვის დამიზნებით სროლის ბრალდებითაც გუშინ სპეცრაზმელი დააკავეს, აცხადებს, რომ აუცილებელია დაისაჯოს ბრძანების გამცემი:

“ავირბინე კიბეები და სპეცრაზმელებს დავუდექი წინ და ვეუბნები, ოჯახები ხომ გყავთ, საკუთარ ხალხს ესე როგორ ექცევით, სირცხვილია-მეთქი. მომიტრიალდა და ხელით მანიშნა, რომ გადიო. იმდენად ვიყავი გაბრაზებული, რატომ გავიდე-მეთქი, რომ არ გავიდე, მესვრი-თქო? და წამებში მოხდა ყველაფერი, გადატენა, მომიბრუნდა და დამიზნებით მესროლა. ჩემმა ქირურგმა მითხრა, რომ ეს არ იყო რეზინის ტყვია, ეს იყო პლასტმასი ჩვეულებრივი, ლეტალური. სასწრაფო ოპერაცია ჩატარდა, 9 ტყვია ამოიღეს ბარძაყიდან. თუ ბრძანების გამცემი არ დაისაჯა, შემსრულებლის დასჯა არის ჩვეულებრივ გაწირვა შემსრულებლის.”- განაცხადა თეა მესხიშვილმა “რუსთავი2”-თან.

სპეცრაზმელი გუშინ დააკავეს, პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულია იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

banner
წინა სტატიაშიკოალიციური მთავრობა გარდაუვალია, ფორმირება შესაძლოა, მამუკა ხაზარაძის მოძრაობის ირგვლივ მოხდეს – ხუხაშვილი
შემდეგი სტატია“გავრილოვის სისხლიან ღამეზე” დაკავებულ პოლიციელს სასამართლო დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებს