წამებით მოკლული პატიმარი, იმავე კოლონიაში, სადაც ნავალნი გარდაიცვალა

„იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის დაბა ხარპში, სადაც 16 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, გარდაიცვალა, მე-3 კოლონიის თანამშრომლებმა ჯერ წამებით მოკლეს პატიმარი, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სცადეს თვითმკვლელობის ინსცენირება“, – ამის შესახებ გამოცემა „ხოლოდი“ წერს.

გამოცემის წყაროების მიხედვით, მკვლელობა 2022 წლის ივლისში მოხდა. N3 კოლონიის თანამშრომელთა მსხვერპლი, 43 წლის პატიმარი ბაქრომბეკ შარიფოვია.

ანონიმურმა წყარომ „ხოლოდს“ უთხრა, რომ შარიფოვი წამების დროს გაიგუდა: კოლონიის თანამშრომლებმა მას ე.წ. სამი დამაწყნარებელი ხალათი ჩააცვეს, შემდეგ შეახვიეს ლეიბში და წებოვანი ლენტით შეფუთეს. წამების ამ ფორმას, როგორც კოლონიის ყოფილი პატიმრები ამბობენ, ხშირად იყენებდნენ.

როდესაც გაირკვა, რომ შარიფოვი მკვდარია, N3 კოლონიის თანამშრომლებმა, გამოცემის წყაროების თანახმად, გაანადგურეს (დაწვეს) ყველა ნივთმტკიცება, შემდეგ კი განაცხადეს, რომ პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.

მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებამ ჩაატარა ექსპერტიზა, რომლის დროსაც გაირკვა, რომ მსჯავრდებულის თვითმკვლელობის ვერსია არ დადასტურდა. „ხოლოდის“ ცნობით, ამ საქმეზე ბრალი ციხის ხუთ თანამშრომელს წაუყენეს.

წყარო: რადიო თავისუფლება

banner
წინა სტატიაშიირაკლი კომახიძე – საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით
შემდეგი სტატიასოციალურ ქსელში დადებული პოსტის გამო, რუსეთის მოქალაქე საცხოვრებელ სახლში დააკავეს – ვიდეო