“წამების ამსახველ კადრებზე შსს-მ მიმართა უკრაინას, თუმცა, ჯერ-ჯერობით პასუხი არ მიგვიღია”

მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძის განცხადებით, თუ ვის მიერ მოხდა ე.წ. კასრების კადრების გავრცელება, მხოლოდ უკრაინულ სამართალდამცველ ორგანოებს შეუძლიათ გაარკვიონ.

როგორც შოთაძემ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უკრაინის შესაბამის ორგანოებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართა, თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

“კადრების ატვირთვა მოხდა უცხოეთიდან, შესაბამისად, შსს-მ მიმართა უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებს, თუმცა, ჯერ პასუხი არ არის. ერთადერთი რესურსი, რომ ნათელი მოვფინოთ თუ საიდან და ვის მიერ მოხდა ამ კადრების ატვირთვა, არის უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები”, – განაცხადა შოთაძემ.

ამასთან, შოთაძის თქმით, აღნიშნულ კადრები მონაწილე ყველა პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული და ისინი პასუხს აგებენ.

“ის ძალადობრივი კადრები, რაც გავრცელდა, ერთი სისხლის სამართლის შემადგენელი ნაწილია, საუბარია ე.წ. კასრების საქმეზე, როდესაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორი პიროვნების მიმართ გამოიყენეს წამება, რომ მოეპოვებინათ ჩვენება. ეს ადამიანები არ დაკმაყოფილდნენ წამებით და მოახდინეს კონკრეტული პიროვნების მეშვეობით სქესობრივი ძალმომრეობითი აქტი. ჩვენ ამ საქმეზე პასუხისგებაში მივეცით 11 ადამიანი. შესაბამისად, თითოეულ ადამიანზე, რომლებზეც მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, გამოყენებულია შესაბამისი მსჯავრი. მეგის ქარდავას და კოხტა კოდუას გარდა, ყველა იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს კადრები სისხლის სამართლის საქმეზე იყო დართული. ასევე, ეს კადრები გადაღებულია კოხტა კოდუას მიერ და ეს უტყუარად არის დადგენილი, მათ მიერ მოხდა ამ ფირების დამარხვა და იმის განსაზღვრა, თუ ვისთან იყო და არის კადრები, შეუძლებელია”, – განაცხადა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: შევეცდებით, მოსახლეობას პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე განვადება არ დასჭირდეს
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე: პრიორიტეტი იქნება ეჭვების გაბათილება, რომ დევნა პოლიტიკური ნიშნით ხდება“