წალენჯიხური დეპრესივ ბლექი ანუ, აბა ულა

leonjavaწაკითხვამდე: ამ ბლოგს მოყვება „გასაგრილებლად მოსასმენი“  სიმფონიური მეტალი. გთხოვთ, იხილოთ ქვევით და დავიწყეთ:

ბევრ უბანს სასმელი წყლის პრობლემა აქვს (30 წელია არ გქონიათო და – გამგებელმა. დროზე მიხვდა, ეტყობა რომ წინადადების გაგრძელება მას ვერაფერ ხეირს მოუტანდა, როგორც რაიონზე მზრუნველ პირველ პირს და წერტილიც იქვე დაუსვა), არ არის გაზი (არ ვიცით როდის იქნება), ცენტრალური ქუჩების გარდა, არ დგას ნაგვის ბუნკერები (საჭირო არ არის, ძროხები წააქცევენ, ანტისანიტარია იქნებაო) და მოსახლეობა პირდაპირ ეზოებში მარხავს ნაგავს (საუკეთესო ვარიანტში) ან ღია ტერიტორიებზე ყრის (თუმცა, აწუხებს გარემოს რომ აბინძურებს), არ არის მოწესრიგებული სანიაღვრე არხები (მაგალითად, ჩემს ეზოში ყველა შესაძლო ქუჩის წყალი შემოდის, მათ შორის ცენტრალურის), არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა (მოსახლეობა ეზოებში იმარხავს საკუთარ ფეკალიებს ან იქვე მიმდინარე წყლის ნაკადულებს ან მდინარეს უერთებენ ტუალეტებს) – ეს არ არის ფილმის შინაარსი. ან იქნებოდა დოკუმენტური ფილმისთვის კარგი მასალა, იმ ქვეყნის აღსაწერად, რომელიც ევროპულ გაერთიანებებში ინტენსიურად ცდილობს მოხვედრას და იხევა ყველა შესაძლო ადგილზე, რომელიც ამის საშუალებას აძლევს.

WALENJIXA-FEKALURI MASA

 

ფოტოზე, რომელსაც ხედავთ, ფეკალური მასების გუბეა. მდინარესთან – ცხადია, თავისი ორგანული თვისებებიდან გამომდინარე, ტემპერატურის მატებასთან ერთად აყროლდა და დაისია ყველა შესაძლო მწერი, რომელიც სულ ცოტა ხანში (ან უკვე) საბანაოდ მდინარეზე ჩასულ ახალგაზრდებს დაკბენს და (ან) დააავადებს ათასი (ერთიც საკმარისია, ამ შემთხვევაში) ავადმყოფობით.

 

ის, რომ რაიონში არ არსებობს კინო, თეატრი, კულტურის სახლი, რომელზეც, რამდენიმე წლის წინ ადგილოვრივმა მუნიციპალიტეტმა ცალკე, და საზოგადოებრივმა გაერთიანება “წალენჯიხელმა” ცალკე, ხალხის აზრით ივაჭრა, უკვე ყველას მიავიწყდა. მიავიწყდათ და შეეგუვნენ იმასაც, რასაც პირველივე წინადადებიდან კითხულობთ. სამაგიეროდ, ზუსტად ამ რაიონულ ცენტრში, ორიოდ წლის წინ გაიხსნა საზოგადოებრივი საპირფარეშო, რომელიც 130 ათასი ლარი დაჯდა (ვითომ ამაზე მეტი ან ბევრად მეტი დაჯდებოდა კულტურის სახლის ერთი სართული მაინც?), უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე აქტიურად ჩამოსულ ჩინოვნიკებს კი რესტორნებში, სულ მცირე 100 კაციან სუფრას უშლიან – ბოლოს 160 კაციან პურ-მარილს დავით საგანელიძე თამადობდა (ფოტოებზე ყველას ჩამოძინებული სახე აქვს – ვერ იყო ეტყობა კარგი თამადა, ან შესაძლოა მაღალი ეტიკეტი ასე მოითხოვს, მაშინ, როცა გვერდით ქვეყნის პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე და სხვა პოლიტიკური ავტორიტეტები გისხედან).  ამ ქეიფის ბიუჯეტი ტუალეტის ფულად აშენებული კულტურის სახლის პირველი სართულის რამდენიმე ოთახს გაარემონტებდა.  თუ არა, და სხვა ხარჯებიც გამოიძებნება, რომლის დამატებაც შეიძლება.

13150051_1728634797421520_1404217351_n

მაგრამ ეს (უკვე აღნიშნული) ხარჯები ეფექტურად გადანაწილდა ორ მნიშვნელოვან მოვლენაზე, რასაც, ყველა წალენჯიხელი სათანადოდ დააფასებს – არ დააფასებს და თავისი აჯობებს.

ჰო, რამ შეყარა ეს ამდენი ჩინოვნიკი ერთად? ფრიად საპატიო მიზეზმა – საავადმყოფოში მისი ერთ-ერთი ყოფილი მთავარი ექიმის ბიუსტი გაიხსნა. ეს მთავარი ექიმი არ ყოფილა ეგნატე ფიფია, რომლსაც “ქართული ქირურგიის ლომს” უწოდებენ, არც საავადმყოფოს პირველი ექიმი, ან სხვა სოციალური რეგალია არ ქონია, მაგრამ მისი ბიუსტის გაიხსნა. ალბათ, ეს სიმბოლოა იმისი, რომ ჩვეულებრივი რიგითი პროფესიონალებიც არიან ძეგლად (ამ შემთხვევაში, ბიუსტად) აღმართვის ღირსები. მით უმეტეს ამ ქალაქში.

საავადმყოფოზე გამახსენდა – ეს დიდი ხნის წინ იყო. ერთი ნევროპათოლოგი თვენახევრის მანძილზე მკურნალობას მიტარებდა. ფეხზე ნერვი მიხმებოდა და ფეხი მიპატარავდებოდა. ბოლოს, ამ ნევროპათოლოგმა ფუტკრის შხამზე უნდა გადავიდეთო და 11 წამლის პარალელურად (აქედან 7 ვენაში კეთდებოდა), დავიწყეთ ფუტკარო-თერაპია ( ვერ დავდიოდი). ერთიდან ყოველ დღე თითოს უმატებდა. 7-მდე რომ ავედით, შემთხვევით ბიცოლაჩემი მოვიდა მოსანახულებლად. თქვენ, თქვენ ექიმებიანად გიჟები ხართო, რა ფუტკრები, ამას ქირურგი ჭირდებაო, მანქანაში ჩამტენეს და მეორე დღეს სასწრაფო ოპერაცია დამენიშნეს. ჰო, მანამდე, ნევროპათოლოგმა, სასწრაფოდ გათხოვდი, თორემ, ინვალიდი დარჩებიო.

არაფერი თქვაო, ერთმა, პატარა რაიონია, უხერხულიაო.
არაფერი თქვაო, ბევრმა. და დღემდე არც მითქვამს.

ყველა ასე ფიქრობს. ეს ის რიტმია, მუსიკა რომ არ მოგწონს, მაგრამ, რომ უნდა აყვე, იმიტომ, რომ მხოლოდ ეს დარბაზი გერგო საცხოვრებლად, სადაც შენს მუსიკას არ უკრავენ. ის ჯერ არ მოგწონს, მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევი რიტმს. ეს შეჩვევა ყოველდღიურ მოძრაობაში რომ გადაგდის მაშინ გერხევა. მაგრამ თუ დაგერხა უკვე ვერ ხვდები, რომ დარხეული გაქვს (და ამაში ვერც ვერავინ დაგაჯერებს).

ერთ თვეში ამ წალენჯიხურ “დეპრესივს” “ბლექი” დაემატება (გამნარტებაზე საავტორო უფლება დაიცავით როცა გამოიყენებთ). ცხადია, მეტალს იქ არავინ უსმენს, იმიტომ, რომ პრიმიტივების კულტურაა სტილიც და მისი გაფორმებაც ერთნაირი იყოს. ერთ თვეში კი იმიტომ, რომ წინასაარჩევნო დაპირებები დაიწყება.  უკვე დაანონსებულია.
თანაც, აქ დაპირებების მიცემა, ყველაზე ადვილია – როგორც ნახეთ, ყველაფერი გასაკეთებელია. ხალხი? ხალხს რა უნდა, ტკბილად გაუღიმებ, თბილ სიტყვას ეტყვი, დატრენინგებულ („იუთუბის“ რომელიმე ვიდეოდან) მზერას დაიყენებ და ეგ არის. დიდი-დიდი, მოგიწიოს ვთქვათ, ბოძების ყიდვამ მინი-სტადიონისთვის, რომ ბავშვებს ღამეც განათებული მოედანი ქონდეთ (ბავშვების თემა ყოველთვის მუშაობს). მიიტან, დაყრი (ამას, აუცილებლად მედიაშიც გააშუქებ) არჩევნების პასუხს დაელოდები, თუ ვერ გაიმარჯვე და, მოკიდე ხელი ამ შენს ბოძებს, “გააფულე” და შენი დანაკარგიც ამოღებულია (დამეჯერება, უკვე გამოცდილია!). ხალხი? მომავალ არჩევნებამდე დაავიწყდება.
ბოძებზე გამახსენდა. ერთი წლის წინ მაღალი ძაბვის ბოძი წაიქცა (ასე მითხრეს. ჩემს უბანში მოხდა) და დენმა ძროხა მოკლა. წალენჯიხაში იმდენი წამქცევი ბოძია, მაგრამ სანამ “კაცის დანაკარგი არ არის” ყველაფერს მოევლება – ასე იციან თქმა სამეგრელოში.

ჰოდა, მოკლედ, წყლით დავიწყე. 24 მარტს გამგებელმა მითხრა (რიცხვი კარგად მახსოვს, იმ დღეს ფრენა მქონდა), ჩვენ როდის მოგვიცია ტყუილი დაპირება, თქვენ 30 წელია წყალი არ გაქვთო (და რაღა მაინცდამაინც მე მაწვებითო – ეს იყო იმ წინადადების გაგრძელება, მაგრამ არ უთქვამს, და ერქვას ჩემი ფანტაზია) და მაისის ბოლოს გექნებათო. იქვე ხატი რომ ყოფილიყო,  დაიფიცებდა, ან ბიჭი რომ ვყოფილიყავი, შეიძლება დაეგინა, რომ ამაში დავერწმუნებინე, ისეთი თავდაჯერებული იყო (ჩვენს გარდა სხვაც იჯდა კაბინეტში და დამემოწმება). ჩვენ, სავარაუდოდ, ერთნაირი კალენდრით ვხელმძღვანელობთ და  აგერ, სულ ორიოდ კვირაში, მე არ ვარ, მაგრამ ჩემი მეზობლები იზეიმებენ ონკანებიდან გადმომდინარე წყლის სასწაულს. ბოლოსდაბოლოს, რა დარჩა, გამგებლის თქმის არ იყოს, 30 წელია წყალი არ გვქონია (სინამდვილეში, 45 წელია არ გვქონია), მაგრამ გვიხარია, რომ სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელ დღეებში ჩვენი წალენჯიხური ოცნება აგვისრულდება.
„აააბა ულა, ააააბა ულა, ოოო რირო ვორეერა ოოორივოოოოო“ – „უტუს შეძახილი“ ისეთია, აი, ისეთია, რომ მოგმართავს მოძრაობისკენ, სიახლისკენ, სიამაყით, შემართებით, მანამდე წარმოუდგენელი ენერგიით. ვისთვის ულა იმისათვის, რომ მოვიდეს, ვისთვის, ულა იმისათვის, რომ წავიდეს – უტუსი, ხიდთან რომ დგას დიადად და ყველა წალენჯიხელს რომ უხარია. ჰოდა, გვფარავდეს მისი, ტერენტის და ვარლამის მადლი.

პს. წყლის და წინასაარჩევნო დაპირებების ამბებს აუცილებლად გაგიზიარებთ.

ეკატერინე ლემონჯავა

 

https://youtu.be/97nLpf8dC2o

banner
წინა სტატიაშიმთავარი მევახშე და ხალხის სულის ამომხდელი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი: „რუსულ კორუფციულ სივრცეში ფულის შოვნა და ევროპაში სახლები – ეს პოლიტიკური თაღლითბაა!“