წალენჯიხის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა – “ოცნება” საერთოდ არ გამოცხადდა, “ახალის” დეპუტატმა კი სხდომა დატოვა

წალენჯიხის საკრებულოს სხდომა, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განხილულიყო, ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა და ორშაბათამდე გადაიდო.

“ოცნების” დეპუტაცია სხდომაზე საერთოდ არ გამოცხადდა, ხოლო კოალიცია “ახალის” დეპუტატმა ავთანდილ გაბელიამ საკრებულოს სხდომა დატოვა.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დეპუტატთა საქციელი უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს, რადგან საკრებულოს უნდა დაემტკიცებინა წალენჯიხელი ბავშვებისთვის, ასევე საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული თანხა, რომელიც გამოყოფილია, მაგრამ წალენჯიხის ბიუჯეტში არ არის ასახული.
კორნელი სალიამ განაცხადა, რომ დეპუტატებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იზრუნონ საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლების მოსახლეობაზე, განიხილონ და გადაჭრან მათ წინაშე მდგარი პრობლემები, ეს საკითხები არ აინტერესებთ და საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ.

წალენჯიხის საკრებულოს მორიგი სხდომა ორშაბათს, 12:00-ზეა ჩანიშნული.

იმ შემთხვევაში, თუკი კოალიცია “ახალის” წევრს ავთანდილ გაბელიას ექნება სურვილი განმარტოს, რატომ დატოვა მან სხდომა, სადაც ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენდა, “თაიმერი” მის კომენტარს უცვლელად გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაში“რა სიმართლითაც ამ თემის ირგვლივ საუბრობთ, იმ სიმართლით…” – მალხაზ მაჩალიკაშვილი მამუკა მდინარაძეს პასუხობს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილს თავისი კადრები საერთოდ გაჰყავს თამაშიდან, რომ კობახიძემ ხელი სხვისკენ არ გაიშვიროს – ხუხაშვილი