წალენჯიხის “ქართული ოცნების” გუნდმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას პროტესტი გამოუცხადა

წალენჯიხის “ქართული ოცნების” გუნდმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას პროტესტი გამოუცხადა

წალენჯიხაში, გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც პროგრამის წლის პარტნიორად მეორედ შეირჩა.

შეხვედრის ფარგლებში, გუნდმა წარადგინა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები. განხილულ იქნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჭიროებები და გამოწვევები და “თანა-შექმნის“ პრინციპით იდენტიფიცირდა ის პრიორიტეტული სფეროები, სადაც პროგრამა მხარს დაუჭერს მუნიციპალური მმართველობის სისტემების გაუმჯობესების და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული საჯარო სერვისების მიწოდებას.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ასევე განიხილეს მოქალაქეთა ჩართულობის არსებული და ახალი ინსტრუმენტების გაძლიერების და დანერგვის შესაძლებლობები.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.

პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს, დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.

პროგრამის საშუალებით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს დაუჭერს, სულ მცირე, 22 მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს დამატებითი მუნიციპალიტეტების ჩართვას სასწავლო, გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში შეხვედრას არ დაესწრო ქართული ოცნების არც ერთი წევრი.

წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ივანე ბურდული, რომელმაც აღნიშნული პროექტისთვის მადლობას ეუბნება USAID-ს, “თაიმერთან” ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ, დღეს კიდევ ერთხელ, ნათლად გამოაჩინა ხელისუფლების დამოკიდებულება ამ ორგანიზაციის და ზოგადად, ამერიკის მიმართ.

წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ამბობს, რომ USAID-ის 5 წლიანი პროგრამა ხელს შეუწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციას, მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირებას და პრიორიტეტებად დალაგებას.

“გულდასაწყვეტია, რომ ამ სახელმწიფოებრივი აქცენტის მქონე დოკუმენტის შექმნას არ ესწრება სახელისუფლებო პარტია და ეს ნიშნავს იმას, რომ მათ მიმღებლობა არ აქვთ იმ პრობლემებზე, რაც მოქალაქეებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გააჩნით”, – ამბობს “თაიმერთან” თამარ ბელქანია.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილმა წონაში მოიმატა, 77 კილოს იწონის, ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა კი თითქმის არ შეცვლილა
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით, Index | Wealth Management-ის პირველი პროექტი – „რივერ პარკი“ შენდება