როგორ ეხმარება „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ ძალადობასთან გამკლავებაში — გიორგი კეკელიძის შეხვედრა წალენჯიხაში.

გიორგი კეკელიძემ დამსწრეებს წიგნის მთავარი გზავნილები გააცნო და ისაუბრა ლიტერატურის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე იმ პირობებში, როდესაც ძალადობა, ბულინგი, სიძულვილის ენა და აგრესია თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. მისი შეფასებით, კლასიკური ლიტერატურა მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა არ არის ის დღევანდელობის გააზრების, კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და ადამიანური ღირებულებების განმტკიცების მნიშვნელოვანი საშუალებაა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, რომელიც „ტომ სოიერის თავგადასავლის“ გაგრძელებაა, თავისუფლების, სამართლიანობის, თანასწორობისა და მორალური არჩევანის შესახებ მნიშვნელოვან გზავნილს ატარებს. დისკუსიის მონაწილეთა თქმით, ნაწარმოები მკითხველს ახსენებს, რომ საზოგადოების შეცვლა ადამიანის შინაგანი თავისუფლებით, სხვისი ღირსების პატივისცემითა და უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამაღლების გამბედაობით იწყება.
პრეზენტაციაზე ასევე ითქვა, რომ თანამედროვე სამყაროში, სადაც ბავშვები და მოზარდები ხშირად აწყდებიან ფსიქოლოგიურ ძალადობას, ბულინგსა და სოციალურ ზეწოლას, მსგავსი ლიტერატურა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და აღმზრდელობით ფუნქციას ასრულებს. ის ახალგაზრდებს ეხმარება ემპათიის, პასუხისმგებლობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში.














