წალენჯიხაში საკრებულოს წევრმა საკუთარი ფულით ნაყიდი საახალწლო „იგრუშკები“ წაიღო

ცხონებული ნიკო გომელაურის სიტყვების პერიფრაზით რომ ვთქვათ, ამ ქვეყანაში ყველაფერი „მოსულა“.

„მოსულა“, მაგალითად ის, რომ „ოცნების“ ახლადარჩეული დეპუტატი დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს და ემიგრაციაში მიდის, მაგრამ ის, რაზეც ახლა უნდა გიამბოთ, ნამდვილი პოლიტფანტასტიკაა, თუმცა ბევრი რომ აღარ მივედ-მოვედოთ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.

ერთი სიტყვით და ორი გაგებით, დარეჯან დადიანს წალენჯიხაში ყველა იცნობს, იცნობს იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებას ერგებოდა. ყოველ შემთხვევაში, „ნაცების“ დროს მიშაზე დიდი ნაცი იყო, აი, ისეთი დიდი, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევების დროს, ჯვარის საარჩევნო უბანზე ჟურნალისტები არ შეუშვა და იქიდან სულ კინწისკვრით გამოყარა, მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ „ოცნებამ“ გაიმარჯვა წითელი მაისური გაიძრო, სადღაც გადამალა და ლურჯით შეიმოსა.

ქალბატონ დარეჯანს ეს ლურჯი ისე მოეწონა, რომ ახლა თავად ივანიშვილზე დიდი „ქოცი“ გახდა, შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტიც „დაირტყა“, თუმცა ახალი მოწვევის საკრებულოში რიგითი დეპუტატობა უბოძეს.
ჰოდა, გაბრაზდა დადიანების ქალბატონი და „ძველი ამბების“ ამოქევა დაიწყო, ანუ როგორც გაირკვა, თავის დროზე საკრებულოსთვის ნაძვის ხე უყიდია.

წელს, ნაძვისხე რომ უნდა მოერთოთ, ქალბატონ დადიანს დიდი მოლაპარაკება უწარმოებია, რომ წითელი „იგრუშკები“ ლურჯზე უფრო ბევრი იქნებოდა, მერე კი მოლაპარაკების საგანი ის გამხდარა, ლურჯი „იგრუშკები“ ზევით დაიკიდებოდა, წითლები კი – ქვევით, მაგრა ვერც ერთ შემთხვევაში მოლაპარაკება ვერ შემდგარა და ქალბატონ დარეჯანს გადაუწყვეტია, სათამაშოები უკან დაიბრუნოს   და ამბავი ატეხა, ჩემი ფულით ვიყიდე ეგ „იგრუშკები“, ნაძვის ხეც  და დამბირუნეთო. რა თქმა უნდა, დაუბრუნეს.

ისე, ქალბატონ დარეჯანს, როგორც ირკვევა, სამუშაო კაბინეტიც გაურემონტებია, მაგრამ ალბათ, უფალი გადმოგვხედავს და ეს პოლიტიკოსი ქალბატონი ექსკაბინეტის კედლების ჩამოფხეკვას არ დაიწყებს, ჩემი გარემონტებულიაო. ასევე საუბარია “ატმორის” წაღებაზე, რომელიც დამონტაჯებულია სამუშაო ოთახში.
სხვათა შორის, საახალწლო „იგრუშკების“ უკან დაბრუნებაზე უკეთესი იქნებოდა, კაბინეტის გასაღები და საკრებულოს კუთვნილი ბეჭედი დააბრუნოს – მაინც, სახელმწიფო ქონებაა და რა ვიცი, რამე შარში არ გაეხვას.

banner
წინა სტატიაში31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიაქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა