წალენჯიხაში საგზაო, წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო-სოციალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით პროექტები ხორციელდება – ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ინფრასტრუქტურის მინისტრთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და წალენჯიხის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მუნიციპალიტეტში საგზაო, წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო-სოციალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ზარქუა სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გადაადგილებას, ისე საჯარო სერვისებს.

“თაიმერი” ირაკლი ზარქუას “პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, ინფრასტრუქტურის მინისტრ რეზი სოხაძესთან, წალენჯიხის დელეგატ ილია ინჯიასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერ გუბა საჯაიასთან ერთად გავეცანი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო, წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო-სოციალური ინფრასტრუქტურის მიმდინარე პროექტებს.

სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გადაადგილებას, ისე საჯარო სერვისებს.

•სამეგრელოში ინტენსიურად მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა–ობუჯი–ჯიხაშკარის გზის 7 კმ-მდე მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია. დაგეგმილია ამავე გზის მე-11 კმ-ზე, მდინარე ტორჩიაზე, 16.1-მეტრიანი ახალი ხიდის მშენებლობაც. შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმებულია და პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.

•ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხაში ახორციელებს წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ რეაბილიტაციას. პროექტი მოიცავს სათავის, გამწმენდი ნაგებობის, მაგისტრალური მილების, რეზერვუარებისა და აღრიცხვის სისტემების მოწყობას, ასევე, არსებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას. სამუშაოების 42% უკვე შესრულებულია. პროექტის დასრულების შემდეგ, 6 300-მდე მომხმარებელი 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. მუნიციპალიტეტში სულ მიმდინარეობს ორი წყლის პროექტი, ჯამური 25,5 მილიონი ლარის ღირებულებით.

•ასევე, გავეცანით სოფელ ობუჯში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს. საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ზონები, სამზარეულო და სპორტული მოედანი. განახლებული შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.2 მლნ ლარია.

•მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის ახალი, 600-მოსწავლიანი შენობის პროექტირებას. თანამედროვე მოდელი, რომელიც შემდგომში სხვა რეგიონებშიც იქნება გამოყენებული, მოიცავს მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სპორტულ სივრცეებს, ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას და სრულად ადაპტირებულ ინფრასტრუქტურას”, – წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
შემდეგი სტატიასამ დღიანი ძებნის შემდეგ, 29 წლის მამაკაცი დიდ დიღომში გარდაცვლილი იპოვეს