ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ მიიღეს.
მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის, საქმისადმი ერთგულებისა და განათლების სფეროში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ:
მაია ნაჭყებია-ფიზიკის წამყვანი პედაგოგი;
სალომე ზარქუა- ინგლისური ენის მენტორ-მასწავლებელი;
შორენა გოგოხია- ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი პედაგოგი;
ნანა ჯაბურია- საბუნებისმეტყველო საგნების მენტორი, პედაგოგი.
ლია ზანთარაია-ფიზიკოსი, მენტორი პედაგოგი.
განათლების მინისტრმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს. შეხვედრის ფარგლებში გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმებიც გააცნო.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის წევრი ილია ინჯია, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლირა ღურწკაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართება.








