წალენჯიხამ რაინდი ვასაძე უარყო 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რაინდი ლევან ვასაძეც ემზადება. სახელისუფლებო კულუარებიდან ჯერ კიდევ მარტის თვეში გამოჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ლევან ვასაძეს პოლიტიკაში მოსვლაზე ბიძინა ივანიშვილმა კურთხევა მისცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვასაძე პოლიტიკურ პარტიას შექმნიდა.

იმის გამო რომ თბილისი პრაიდი ვერ აღკვეთა, ვასაძე გაუჩინარდა. სავარაუდოდ დეპრესიაში იყო, ახლა ეტყობა სირთულეები გადალახა და კვლავ გამოვიდა ასპარეზზე. აქტიურობის დაწყება მან სამეგრელოდან გადაწყვიტა.

სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში მან რამდენიმე თვის წინაც გამართა შეხვედრა. იმ შეხვედრას ბევრი ხალხი დაესწრო, ამის მიზეზი ტაძრის ეზოში გაშლილი სეფა იყო. ხალხი ტრაპეზზე იყო მიწვეული და ბევრმა არც იცოდა, რომ მათ იქ რაინდი დახვდებოდათ.

წალენჯიხამ რაინდის მიმართ არაკეთილგანწყობა გამოიჩინა. არადა ვასაძემ აქ თავისი ხალხი ბევრად ადრე გააგზავნა. მას დაპირდნენ რომ წალენჯიხაში რამდენიმე ასეული რჩული კოლხი დახვდებოდა.

ჩვენი წყარო წალენჯიხიდან გვატყობინებს, რომ რაინდს სულ 25 კაცი დახვდა. აქედან 15 წალენჯიხელი იყო, ხოლო 10 აბაშელი.

როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, არც ისინი იყვნენ რაინდის ვიზიტით დიდად აღფრთოვანებული.

– ალბათ თეთრი ცხენით შემოვა წალენჯიხაში რაინდი, შეიძლება მის ცხენს ფრთებიც ჰქონდეს, – ხუმრობდნენ რაინდის ლოდინში ადგილობრივები.

ხალხის სიმცირემ რაინდი ძალიან განარისხა. ის ხალხი, ვისაც ამ შეხვედრის ორგანიზება ევალებოდა, რაინდს დაჰპირდა რომ გრანდიოზულ შეხვედრას მოუწყობდა.

ლევან ვასაძემ კარგი შეხვედრის ორგანიზებისთვის თანხები არ დაინანა, მაგრამ შეხვედრა მაინც ვერ გამოდგა სათანადო. მთელი სამეგრელოდან მასთან შეხვედრა მხოლოდ 25-მა ადამიანმა მოისურვა.

ჩვენი წყარო წალენჯიხიდან გვიყვება, რომ ვასაძეს ჯერ კიდევ შეხვედრის დროს ჰქონდა უსიამოვნო საუბარი თავის თანამოაზრეებთან.

კონფლიქტი მოგვიანებითაც გაგრძელდა. ლევან ვასაძე კითხულობდა, თუ რაში დაიხარჯა მის მიერ გამოყოფილი ფული და თანამოაზრეებს საყვედურობდა, ასე როგორ გამაბანძეთო.

ვასაძეს მთელი საქართველოს შემოვლა აქვს გადაწყვეტილი. ამ უსიამოვნო სიურპრიზის შემდეგ, მან შეიძლება გეგმები შეცვალოს.

„ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „თაიმერთან“ საუბარში ამბობს, რომ ვასაძეს პოლიტიკაში მოსვლა მყარად აქვს გადაწყვეტილი და არც ივანიშვილი აპირებს თავის კურთხევის უკან წაღებას.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიქუთაისში სახელმწიფო რწმუნებული მოსახლეობას შეხვდა
შემდეგი სტატიადე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კგბ-მ ევროკავშირის მისიის წევრები გარკვეული დროით დააკავა