წალენჯიხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით 2 650 000 ლარს მიიღებს

ცენტრალური ბიუჯეტიდან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით 2 650 000 ლარი გადაეცემა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ განაცხადა. გუბერნატორი, მოადგილესთან და რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსთან ერთად დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას და ამავე მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს გამოყოფილი თანხით დასაფინანსებელი პროექტები. რაც ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ იქნება მიმართული.

გიორგი გუგუჩიას განმარტებით, ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მთავრობის ყველა არსებული პროგრამა განხორციელდეს, რაც მოქალაქეებისთვის მეტი შესაძლებლობისა და უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნისთვისაა საჭირო.

„რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს დამატებით გამოეყოთ თანხები, პროექტების განსახორციელებლად. რა თქმა უნდა გამონაკლის არც წალენჯიხა წარმოადგენს და ამ მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი იქნა რამდენიმე მილიონი. სწორედ დღეს, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შეხვედრა გვქონდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან და ერთობლივად განვიხილეთ, ყველა ის პროექტი, რომელიც მიჩნეული იქნა საბოლოო ჯამში პრიორიტეტულად წალენჯიხის მოსახლეობისთვის და რომლის დასაფინანსებლადაც ეს თანხა იქნება გამოყენებული“ – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილ თანხებს, წალენჯიხის მერის განცხადებით, თანხების გამოყოფის მიმართულებით მთავრობის რეაგირება ოპერატიული იყო, რათა მოსახლეობამ სწრაფად და ხარისხიანად მიიღოს სერვისები.

„გამოყოფილი თანხით ფინანსდება ექვსი პროექტი, საუბარია ოთხ ახალ და ორ გარდამავალ პროექტზე, რომელიც დაფინანსდება მიმდინარე წელს და ძალიან მნიშვნელოვნად წაწევს წინ საგზაო ინფრასტრუქტურას. ასევე განვიხილეთ სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი და აქაც ოპერატიული რეაგირება იყო მთავრობის მხრიდან და მოსახლეობა ამ სერვისებს ხარისხიანად და სწრაფად მიიღებს“ – განაცხადა წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ივნისის ბოლოს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 1 მილიონამდე ლარს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს ინტერესებს აზიანებს
შემდეგი სტატიაგლდანის რაიონში კიდევ ერთი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა