წალენჯიხა-„მაგთის“ ინტერნეტი, ნიკა შეროზია და ჩვენი ქუჩა

წალენჯიხაში „მაგთის“ ინტერნეტი გაყავთ. ვაშა! გვიხარია და განსაკუთრებით მადლიერები ვართ ამისთვის ცალკე კომპანიის, ცალკე ღმერთების და ცალკე ნიკა შეროზიასი, რომელიც ამ სამუშაოებს ხელმძღვანელობს. დიდი ხანი კი ვადგენდით მის სახელს და გვარს, რომ გადათხრილ ქუჩაზე სამუშაოების დასრულება გვეთხოვა. „დიდი ხანი“ დაახლოებით ასე გამოიყურება:

„მაგთის“ „ფეისბუქ“ გვერდის ადმინმა ორი დღის მიმოწერის შემდეგ პირად ინფორმაციას (!) ვერ გავცემო და გადამამისამართა მაილზე, რომელსაც არავინ უპასუხა, შემდეგ ისევ იმავე ადმინმა ცხელი ხაზიო და ძალიან ბევრჯერ დავრეკეთ კომპანიის ცხელ ხაზზე, სადაც ერთ დარეკვაზე 6-7 სამსახურში გადაგვრთეს უშედეგოდ და ასე რამდენიმე დარეკვა. იმის მიუხედავად, რომ დავუმუქრეთ, ჩავჭრით ხაზებსო (და იქ ერთი შეცხადება კი შეიცხადეს, ეგ არ ქნათო), მაინც არ გვაძლევდნენ სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირის ნომერს. ხაზები, ცხადია, არ ჩავჭერით, დივერსიაო, იტყოდნენ.

ამავე დროს, დივერსიის დეფინიცია არა აქვს ორი თვის მანძილზე გადათხრილი ქუჩის დატოვებას, სანიაღვრე არხების მოშლას, 27 ოჯახის ტალახში ცხოვრების იძულებას (ხანშიშესულებს რომ პრობლემები შეუქმნეს, ქუჩიდან სუფთად რომ ვერ გადიხარ, სახლში წითელი მიწა რომ შეგაქვს და ეზოებში ქუჩის ნაწური წყლები რომ შემოდის) – უპასუხისმგებლობას დივერსია არ ქვია.

ამის შემდეგ, ქუჩის ახალგაზრდების ერთი ნაწილი წალენჯიხაში მაგთის ოფისში მივიდა (არ ვიცი, მენეჯერს რა ინსტრუქტაჟი აქვს, რატომღაც შეშინებულს არ უნდოდა სათაო ოფისთან დაკავშირება, მაგრამ დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მაინც დარეკა და მოუთხრო პრობლემაზე), შემდეგ, შევიდნენ გამგებელთან და აღსრულდა! ორი თვის შემდეგ და გამგებლის განკარგულებით მოიძებნა სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ერთ დარეკვაზევე (გამგეობიდან) გამოცხადდა.

მასთან ერთად კიდევ სხვა სამსახურები. მოვიდნენ რომ ენახათ მათ მიერ შესრულებული სამუშაო. ასე თქვეს, უიო, კაბელები წყლის არხში რატომ ჩააყოლესო? უიო, ეს ქუჩა ასე გადათხრილი დატოვესო? უიო, კაბელები მიწის ზევით რატომ ჩანსო? საკუთარ გაკეთებულზე ჩვენთან მოთქვამდნენ. ჰოდა, იმ დღეს, ბოლოსდაბოლოს რომ გავარკვიეთ და ბოლოსდაბოლოს რომ მოვიდა და ნახა საკუთარი ხელობა, თქვა, ერთი კვირა მომეცით და ყველაფერს მოვაგვარებო. სულ სამი ტრაქტორია წალენჯიხაში და სამივე გაფუჭებულია, ზუგდიდიდან კი ჩამოვიყვანდი, მაგრამ ორი ათასი ლარი დამიჯდება და ერთი კვირა მომეცითო. იგივე პრობლემა ჯვარშიც მაქვსო.
ერთი კვირის შემდეგ, ცხადია, არც არაფერი შეცვლილა. დავურეკე დღეს (ანუ, მერვე დღეს) და „მე ბიჭებს მოველაპარაკე და შენ რატომ მირეკავო“. ანუ, მე კაცებს ვესაუბრე და შენ, ქალი, რა პონტში მირეკავო. მე კი არ მიხარია ეგ სამუშაოები რომ არის დასამთავრებელი, მაგ ერთი ქუჩის გამო თბილისიდან წალენჯიხაში უნდა ჩამოვიდეო, ბოლოსდაბოლოს, დღეს გიორგობაა, სოფელში მივდივარ საქეიფოდ და შენ კიდევ დაწყნარდი, დამშვიდდიო. კარგი მეთქი, გავუთიშე.
ჰოდა, ამ გიორგობა დღეს, იჯდა ნიკა შეროზია თბილად თავის მანქანაში და მიდიოდა სოფელში საქეიფოდ. ჩვენც ვქეიფობდით გიორგობა დღეს და მასაც ვახსენებდით, იმიტომ რომ წვიმს და სახლებში შემოტანილ წითელ მიწაზე ვინ უნდა გაგახსენდეს, თუ არა ნიკა შეროზია.

ეკატერინე ლემონჯავა
წალენჯიხა, ფიფიას ქუჩის მცხოვრები

banner
წინა სტატიაში“შეიქმნება ეროვნული თანხმობის საბჭო, მოლაპარაკებების კოორდინაცია პაატა დავითაიას ვთხოვე” – გრიგოლ ვაშაძემ მეორე ტურში გამარჯვების შემდგომ გეგმებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაპაკისტანში ჩინეთის საკონსულოს თავს დაესხნენ