ტროტუარზე პროტესტის გამო აქტივისტებს სასამართლოში იბარებენ

სასამართლოში იბარებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ტროტუარზე გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. რიგი სასამართლო პროცესები უკვე ჩანიშნულია, რაც, აქტივისტების თქმით, ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ 31 დეკემბრის ღამეს აქციის ნაცვლად მათი ნაწილი იზოლატორში აღმოჩნდეს.

საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ ოქმში პირდაპირ წერია, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს რამდენიმე დღის განმავლობაში ათვალიერებდნენ, რათა იმ ადამიანების იდენტიფიცირება მოეხდინათ, რომლებიც საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ.

პროტესტის მონაწილეები მიმდინარე პროცესებს აქციების ჩასაშლელად მიმართული ზეწოლისა და ტერორის ახალ ტალღად აფასებენ.

როგორც ჩანს, ახალი რეპრესიების და დაშინების მცდელობა დაიწყეს და რატომღაც პირველი მე აღმოვჩნდი. ეს მუხლი ითვალისწინებს იმას, რომ მე ვითომ ხელს ვუშლიდი იქ მყოფ ხალხს ტროტურაზე გადაადგილებაში, რაც სრულიად აბსურდია, იმიტომ, რომ რანაირი გაფრთხილება არ იყო, რომ გადავსულიყავით, ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია. ან თუ გადავიდეთ, სად გადავიდეთ? ეს კანონდარღვევად მე პირადად არ მიმაჩნია, იმიტომ, რომ არ არის დასაბუთებული მაშინ წინააღმდეგ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ. სხვათაშორის, ოქმში ძალიან აბდაუბდა ყველაფერი, იმიტომ, რომ სხვისი სახელით არის შედგენილი და სხვას აქვს ხელმოწერილი და საერთოდ, სხვამ თურმე იდენტიფიცირება მოახდინა. საქმის მასალებში რა ვიდეოჩანაწერებიც არის, არანაირი მიზუმებული კადრი არ არის. არის სრული კადრი, არის ორი კადრი სულ – მარცხნივ მარჯვნივ და მთლიანი პარლამენტი ჩანს, სადაც ვდგავართ ყველა. ჩემი აზრით, რადგან აქამდე არასდროს მქონია დავა სასამართლოში და არ მიფიქსირდება დარღვევა, შესაბამისად, აირჩიეს ისეთი ადამიანი, რომლითაც უფრო მეტად დააშინებენ და აი, ახლა ყველაზე გადმოვედით და ყველას დაგიჭერთ, – ამბობს მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა.

გელაძის უწყება წერს, რომ ამ პერიოდში შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ გამოვრიცხავთ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობას…უდანაშაულობის დადასტურებას შევძლებთ” – ლილუაშვილის ადვოკატი
შემდეგი სტატია“ანაკლიის პორტი” ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა