დავით ადუაშვილი ის ახალგაზრდა მასწავლებელია, რომელსაც პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვა ოთხდღიანი პატიმრობა დაუჯდა.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძის გადაწყვეტილება ადუაშვილს გაკვეთილის დროს შეატყობინეს. მას ხელბორკილების დადებას საკლასო ოთახში ელოდნენ, თუმცა სკოლიდან პროცესზე დასასწრებად წასულს პოლიცია სასამართლოს ეზოში დააკავა.
იზოლატორში სამი დღე გაატარებს სტუდენტი ნენე გაბლაია. აქტივისტი 31 იანვარს ქუჩაში გამოვიდა, განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმის გასაპროტესტებლად. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას გზის გადაკეტვის ბრალდებით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა მარიკა სვანიშვილსაც. იგი დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამართულ მარშში მონაწილეობდა და, როგორც განმარტავს, საავტომობილო გზაზე მხოლოდ რამდენიმე წუთით შეყოვნდა, სანამ აქციის მონაწილეები ტროტუარზე გადაინაცვლებდნენ. ეს დრო, როგორც წესი, აქციის მონაწილეებს გზის გასათავისუფლებლად ეძლევათ, თუმცა მოსამართლე კაპანაძემ წარმოდგენილი არგუმენტები არასაკმარისად მიიჩნია და იზოლატორში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.















