აუცილებელია რომ ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, თუ როგორ ააგო ქართულმა მედიამ შიო მუჯირის ტრიუმფალური გზა და მოღალატეობრივი დღის წესრიგით, როგორ დაბლოკა კრიტიკული აზრი ეკლესიის თემაზე.
საქართველოს თანამედროვე მედიასივრცეზე დაკვირვება სულ უფრო მეტად ემსგავსება კლინიკური დიაგნოზის დასმას. ის, რასაც ჩვენ “მეინსტრიმულ მედიას” ვუწოდებთ, იქნება ეს სახელისუფლებო თუ ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში ერთიანი, მავნებლური მანქანის ნაწილია, რომელიც ხალხს ტყუილსა და მითოლოგიზებულ რეალობაში ამყოფებს.
ყველაზე თვალსაჩინო და გროტესკული მაგალითი ბოლო პერიოდის მოვლენებია. მედია, რომელიც დეკლარირებულად პროდასავლურია და საქართველოს ევროპული მომავლისთვის “იბრძვის”, რეალურად იქცა იმ სისტემის მთავარ სააგიტაციო თუ პროპაგანდისტურ საყრდენად, რომელმაც ქვეყანა რუსულ ორბიტაზე დატოვა!
ჩვენს “ლიბერალურ” მედიას, რატომღაც კოლექტიური ენკომიუმი და ტოტალური ამნეზია დაემართა. როდესაც საქმე ილია მეორის იოლად სამხილებელ ფიგურას ეხება, რომელმაც საკვანძო როლი შეასრულ პუტჩის კურთხევაში, ეროვნული ხელისუფლების დამხობაში, კრემლთან მრავალწლიან რეზიდენტობასა და პუტინის მაქებრობაში, ქართული მედია კარგავს ყველანაირ ობიექტურობას. პრაქტიკულად, მანამდეც, მაგრამ მეტადრე კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის მანძილზე ჩვენ ვხედავდით არა ჟურნალისტიკას, არამედ “წმინდანის” განდიდების რიტუალს. განსაკუთრებით ამაზრზენია გიორგი თარგამაძის მსგავსი ფიგურების პათეტიკური სიყალბე, მჟავე პიეტეტითა და ფარისევლური ჭირისუფლობით შეზავებული ტექსტები, რომლებმაც საზოგადოებას ყოველგვარი კრიტიკული აზროვნების უნარი წაართვეს. როგორც ჩანს ასლან აბაშიძესთან, ბადრი პატარკაციშვილთან და ნიკოლოზ ლალიაშვილთან მიღებული გამოცდილება in action.
დიახ, სწორედ ჟურნალისტური კორპუსის ცნობილი წარმომადგენლები გახდნენ შიო მუჯირის გამარჯვების არქიტექტორები, მით უფრო იმ ფონზე როცა საპირწონედ რენომე დალაქავებული აქტორების გა-PR-ებას მიეცნენ.
ახლა ყველას უკვირს, რატომ აჯობა შიო მუჯირმა სხვა კანდიდატებს ასეთი უპირატესობით. პასუხი მარტივია: ფონი თავად მედიამ შეუქმნა! თუ 40 დღე ატრიალებ სიუჟეტებს “ბრძენკაცი” პატრიარქის უცდომელობაზე, მაშინ მისი ნება და მის მიერ დატოვებული მოსაყდრე ავტომატურად ხდება ხელშეუხებელი ავტორიტეტი. ამ პარაზიტმა მედიამენეჯერებმა ვერ (ან არ) გათვალეს, რომ “წმინდანად” შერაცხული ადამიანის არჩევანს ხალხი ვერ აღუდგებოდა, და შესაბამისად ვერც დისკრედიტირებული სინოდი.
სანამ შიოს წისქვილზე ასხამდნენ წყალს, მედიამ სრული ვაკუუმი შექმნა ისეთი ფიგურების გარშემო, როგორებიცაა მეუფე ისაია თუ მეუფე დანიელი. მათზე არცერთი პოზიტიური სიუჟეტი არ გაკეთებულა. სამაგიეროდ, “ფორმულასა” და სხვა არხების “რელიგიურმა” ექსპერტებმა წინ წამოსწიეს ყაჩაღი და ნარცისი ბერბიჭაშვილის ფიგურა. ამ რეციდივისტის “პოზიტივად” გაყიდვის მცდელობამ შიოს ჯგუფს იდეალური კონტრასტი მისცა და მათ მარტივად აჩვენეს “განსხვავება” და აზრი დაუკარგეს ნებისმიერ გაფართოებულ კრებას.
არც ინტელექტუალური მედია ჩამორჩა პროცესს. “ტაბულას” მიერ შემოგდებული ასაკობრივი ცენზისა და დიპლომების თემა იყო პირდაპირ ჩაწოდებული პასი ჯაღმაიძის დემაგოგიისთვის. ეს ცინიკური პათოსი მალე “ფაქტის კონსტატაციად” გარდაიქმნა და საზოგადოებას ნებით თუ უნებლიედ, ირიბად მიჰყიდა ილუზია, თითქოს შიოს კანდიდატურა “ერთადერთი და რაციონალური”, ან თუნდაც გარდაუვალი ხვედრი იყო.
ამასთან, იძულებული ვარ გამოვეხმაურო, ფორმულას ზოგიერთი ჟურნალისტის შეფასებებს, რომელიც მინდა მჯეროდეს რომ მინიმუმ მათ არაინფორმირებულობაზე უფრო მეტყველებს, ვიდრე შეგნებულ “დემაგოგიურობაზე”, რომლის მიხედვითაც მათ, საკუთარ გადაცემებში, ბერბიჭაშვილის აქტივად წარმოაჩინეს “ახალი საქართველოს უნივერსიტეტის” დაარსება, რომელიც ვითომდა “წარმატებული” პროექტია და საქებარ კონტექსტში ისაუბრეს “ამაგდარ” რექტორზე.
სინამდვილეში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლისათვის, უნივერსიტეტი განასახიერებს ბუტაფორიულ ფასადს, რათა ინტელეატუალური ანტურაჟით მხოლოდდამხოლოდ საკუთარი პიროვნების კულტის დაბუსტვა, სამარცხვინო რეპუტაციის ამაღლება და პოპულარიზება მოახდინოს. მერკანტილისტი მავანნი შეეცადნენ ეკლესიის ალ კაპონესგან – იუსტინე ფილოსოფოსის შექმნას, რაც რა თქმა უნდა ვერ და არ გამოვიდოდა იმთავითვე.
ასევე, სტატისტიკური ფაქტია რომ ამ დრომდე არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება სტუდენტური გაცვლითი პროგრამისა. რეალურად, უცხოეთში გაფორმებული ყველა შეთანხმებაც ემსახურებოდა მარტოოდენ მისი ფიგურისა და მასთან დაახლოვებული ეგოცენტრული ელიტის ვოიაჟების გამართლებას უნივერსიტეტის სახელით, სადაც მხოლოდ სერვილისტური სტაფის პირადი CV-ების გამდიდრებაა პრიორიტეტი და არა საზოგადო სიკეთე. სტუდენტის სახელი კი მხოლოდ შირმა და საშუალება იყო ამ მიზნების მიღწევისთვის. ამ აზრით ეს უნივერსიტეტი არის არა სტუდენტოცენტრული, არამედ სახელდობრ “გრიგოლოცენტრული”.
კონფერენციებიც კი, მათ შორის მოწვეული სტუმრები, მისი პირადი ეგოს, ნარცისული მიზნებისა და პატივმოყვარული ამბიციების გაფართოების პროექტი იყო.
რაც შეეხება გამოცემებს და უნივერსიტეტის პერიოდიკას, ყველასათვის ცნობილია რომ ადგილზე მთლიანად გამქრალია კონკურენციის შესაძლებლობა. ნებისმიერ მკვლევარს რომ შეეძლოს, არ ეძლევა უფლება რომ სხვაზე, ანუ მასზე თანამდებობრივად უპირატესზე უკეთესი, ან ბევრი წეროს და გამოსცეს. ამ ფონზე თუკი ვინმეს სურს რაიმე ინტელექტუალურ წინსვლასა თუ აკადემიურ წარმატებას მიაღწიოს, აუცილებლად კირუმპირებული და დესპოტი რექტორის პირადი მაქებარი და მონურ პოზაში მდგომი უნდა იყოს. ასევე, შინა განაწესით, ბერბიჭაშვილის “მორალური კოდექსის” მიხედვით, ყველა უნდა ემორჩილებოდეს დადგენილ ცენზურას აზრის გამოხატვის დროს.
აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სასწავლებელში არ ხორციელდება ფინანსური მონიტორინგი და აუდიტი, და შესაბამისად უცნობია თანხების განკარგვის მიზნობრიობა თუ ბუღალტერია და იგი მთლიანად დამოკიდებულია სინდისთან პრივატულად დარჩენილ მიტროპოლიტ გრიგოლის ნება-სურვილზე.
ასევე, საკითხში ჩაუხედავი ზოგიერთი ჟურნალისტისგან აღნიშნა, რომ თითქოს და “უნდა ვაფასებდეთ ადამიანში რეფლექსიასა და წარსულის გადაფასებას”. ცხადია, ცუდი წარსულის გამოსწორება შესაძლებელია ქრისტეში სათნოდ ცხოვრებით, რადგან სინანულისა და ცხონების უფლება ყველას აქვს, მაგრამ სჯულის კანონისა და საეკლესიო სამართლის ზნეობრივი პრინციპების მიხედვით (რომელიც ღვთივსულიერია, რადგან ისინი წმინდა მამათა განწესებაა) ეპისკოპოსობა ყოვლადდაუშვებელია მძიმე წასრულის მქონე პირებისათვის. ნაყოფის თვალსაზრისით კი სინანული ნიშნავს იმას, როცა პიროვნება უარს ამბობს ეპისკოპოსობის პატივზე და ცხოვრებას აგრძელებს სხვა რანგში. ასე რომ, მომაკვდინებელი ცოდვების შემთხვევაში, კანონიკური მდგენელი ეპისკოპოსის რეფლექსირებისა თუ რეაბილიტირების ცნებას იმავე წოდების სიმაღლეზე საერთოდ არ იცნობს.
წინასაარჩევნო პერიოდში, ყველაზე ტრაგიკული კი მიმდინარე პროცესისას იყო ის, თუ როგორ პოზიციონირებდნენ კომპეტენტური ადამიანები. როდესაც თეოლოგთა გარკვეული ნაწილი ეკრანებიდან ირიბად ადიდებდა ილია მეორეს, როდესაც შიო მუჯირის მითვისებულ ნაშრომებზე მაქებარ რეცენზიებს წერდნენ, როცა მეუფე ისაიას მიმართ სკეპტიციზმს თესავდნენ, როცა სადუკეველ ბერბიჭაშვილს – პროგრესული ხედვების მქონე მღვდელმთავრად გვაჩეჩებდნენ, და როცა პერვერტ ზენონს – მისაღებ კანდიდატად გვასაღებდნენ, სწორედ მაშინ გაფორმდა საქართველოს ეკლესიის (და შესაბამისად, ქვეყნის!) საბოლოო ოკუპაცია და რუსიფიკაცია.
ამირგად, ჩვენი მედია სულაც არ არის “მეოთხე ხელისუფლება”. “საუკეთესო” შემთხვევაში ის თავისი გულუბრყვილობით არის რუსული გავლენის მძევალი, რომელიც პროდასავლური ლოზუნგების მიღმა, პარტიული და ელიტური მდგენელების გამო, ნაბიჯ-ნაბიჯ ხელს უწყობს კრემლისტურ ვერტიკალს საქართველოში. ფარისევლობა დასრულებულია – შედეგი სახეზეა.
P.S. მკაცრი და რადიკალური ვარ? თვალთმაქცობას, ნელთბილობის ანტისახარებისეულ სულისკვეთებას, ნახევრადსიმართლეს და ორპირობას – ეს მირჩევნია!,-წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

















