ტრისტან წითელაშვილი: ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს დათა ახალაიამ ერთ-ერთ ახალგაზრდას ესროლა

“ნავთლუღის საქმის” ერთ-ერთი მოწმის, ტრისტან წითელაშვილის ინფორმაციით, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს დათა ახალაიამ ერთ-ერთ ახალგაზრდას ესროლა. ის სასამართლოზე მოწმის სტატუსით იკითხება. ტრისტან წითელაშვილი მაშინ, 2006 წელს მის მიერ დაფუძნებული კერძო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო და როგორც თავად აცხადებს იმ დროს ობიექტების შესამოწმებლად იყო გასული. ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი ობიექტის შემოწმების დროს დაინახა ინტენსიური სროლები და დაინახა როგორ ესროდნენ ახალგაზრდებს.

“როდესაც შეწყდა ცეცხლი, ერთ-ერთი მივიდა და გააკეთა გასროლა ერთ-ერთის თავის მიმართულებით, მეორესთანაც მივიდა კიდე ერთი ნიღბიანი, დავინახე ერთმა ნიღაბი რომ მოიხსნა ამოვიცანი დათა ახალაია. ხოლო მეორე რომელმაც გასროლა განაცორციელა, შემდეგ ტელევიზორში ვიცანი ეს იყო გიორგი მაზმიშვილი. მერე შემოიტანეს ჩანთა და ამოიღეს ავტომატები და დაყარეს. მერე სროლების მესამე ეტაპი დაიწყო, რაღაც ჯგუფი შემოდის და ისვრის ჰაერში”, -განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

მისივე ჩვენების მიხედვით, როდესაც ადგილზე იმყოფებოდა, ის შენიშნა დათა ახალაიამ და კითხა თუ ვინ იყო, რაზეც წითელაშვილმა განუცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

ტრისტან წითელაშვილამდე დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა მოყვა იმ დასკვნის შესახებ, რომელიც 2006 წელს გვამების დათვალიერების შედეგად მომზადა.

ექსპერტმა გიორგი მაღრაძემ განაცხადა, რომ გვამებს აღენიშნებოდათ მრავლობითი ჭრილობები მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან. რაც შეეხება დაცვის მხარის კითხვას, იყო თუ არა სხეულზე კვალი მიბჯენით სროლის, ექსპერტმა თქვა, რომ მაშინ გამოკვლევის დროს ეს კითხვა არ დასმულა და შესაბამისად დასკვნაში არაა ასახული.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას და გიორგი დგებუაძეს იგივე მასტერას განზრახ მკვლელობის და უფლებამოსილების გადამეტებით აქვთ ბრალი წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძე: მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვის მისცენ ხმა არჩევნების მეორე ტურში
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ არჩევნების მეორე ტური გამჭვირვალედ და მშვიდობიანად ჩატარდება