ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს ადვოკატმა საქმის მასალები გააცნო

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს ადვოკატმა საქმის მასალები გააცნო.

როგორც მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განაცხადა, იულია სუსლიაკი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

„გავაცანი მოკლედ რისი შესაძლებლობაც იყო. ძალიან მწირი ინფორმაცია და მტკიცებულება იმაზე, რაც ბრალშია მითითებულია. შემიძლია ვთქვა, რომ მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობს ამ საქმეში”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დღეს სავარაუდოდ 15:00 საათისთვის გაიმართება.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.

დაკავებულის ადვოკატ ზურაბ თოდუას განცხადებით, უკრაინელი ქალი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოყვანილი 10 შვილის დედაა, ტრეფიკინგის ბრალს არ აღიარებს. მისი ინფორმაციით, იულია სუსლიაკი აფხაზეთში მყოფ მეუღლესთან, ბიზნესმენ იური სუსლიაკთან მიდიოდა. ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს იური სუსლიაკმა განუცხადა, ბავშვები, რომელიც მისმა მეუღლემ საქართველოში ჩამოიყვანა, კანონის სრული დაცვით, უკრაინაში სუროგაციის გზით გაჩნდნენ და ამის ყველა დოკუმენტი არსებობს. ის მიიჩნევს, რომ შესაბამის უწყებებში ამის შესახებ დასტურის მისვლისთანავე საქმე დაიხურება.

რაც შეეხება ბავშვების მოწამვლას, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი 20 აპრილს შეიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ორი მცირეწლოვანი, შესაბამისი მეთვალყურეობით, ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში – მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – იულია სუსლიაკის საქმის მასალებში წერია, რომ მან 11 ბავშვი იყიდა, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება ბრალდებას არ აქვს
შემდეგი სტატიაშსს – აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება