ტრეფიკინგისთვის ბრალდებული იულია სუსლიაკი თავისუფალია

უკრაინელი ქალი, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები ბავშვების ტრეფიკინგში ადანაშაულებდნენ, თავისუფალია. იულია სუსლიაკის პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა 10 შვილის დედა სასამართლო დარბაზიდან აღკვეთის ღონისძიების გარეშე გაათავისუფლეს.

პროკურორის განცხადებით, იმის გამო, რომ საქმის გამოძიება საქართველოში შეუძლებელია, ის გამოსაძიებლად უკრაინის პროკურატურას გადაეცა. ბრალდების მხარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკრაინულ მხარეს მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით ორჯერ მიმართეს, დოკუმენტები ამ დრომდე არ მიუღიათ.

საქმის ფალსიფიცირებაზე და ზეწოლაზე საუბრობს თავად იულია სუსლიაკი. მისი თქმით, საქმით სარგებლის მიღებას კონკრეტული პირები ცდილობენ.

„ჩემი საქმე სრული ფაბრიკაციაა და მე ვიცი, ვინ გააყალბა ეს საქმე, მათი სახელებიც კი ვიცი და თუ გონს არ მოეგებიან, მაშინ ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი. ყველაზე დიდი პრეტენზია გამომძიებელთან მაქვს. მე ბევრჯერ წავედი დათმობაზე ქართულ მხარესთან, ერთადერთი მიზნით, რომ სახლში ბავშვებთან გავეშვი. მთხოვდნენ ბრალის აღიარებას იმ ფონზე, რომ მე არ ვიცნობ ქართულ კანონმდებლობას, მიბიძგებდნენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, თან მიხსნიდნენ, რომ ამაში საშიში არაფერია. საბოლოოდ მივხვდი, რომ მათ უნდოდათ ჩემი ჩიხში შეყვანა,“ – განაცხადა სუსლიაკმა.

დაცვის ქვეშ მყოფის კიდევ ერთხელ დაკავებას არ გამორიცხავს ადვოკატი. უფლებადამცველი ამბობს, რომ არსებობს საშიშროება იულია სუსლიაკი საქართველოდან უკრაინაში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გაამგზავრონ.

„იმის გამო, რომ მათ ვერაფერი მოიპოვეს მთელი ამ დროის განმავლობაში და ეს სიბინძურე არ უნდა გამოტანილიყო გარეთ ამათი მეცადინეობის შედეგად. ამ მიზეზით მათ მოიფიქრეს ახალი ფორმულარი, თითქოს უკრაინაში უნდა მოხდეს საქმის გამოძიება, რადგან ესენი ვერ ახერხებენ ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე. ამ მიზნით შეცვალეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გუშინ მთელი დღე იყო კომუნიკაცია ჩემთან, გვავალდებულებდნენ, რომ შეგვეძინა ბილეთი კიევის რეისზე და არ გავაკეთეთ ჩვენ ეს. ახლა ეს ქალბატონი არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ამ წუთას, ჩემს ზურგს უკან 7-8 მამაკაცს, შსს-ს თანამშრომლებს, დავალება აქვთ სპეციალური მიღებული, რომ დააკავონ ეს ქალბატონი ხელახლა, ჩასვან თვითმფრინავში და გააგზავნონ უკრაინაში, ყველა ნორმის დარღვევით,“ – განაცხადა ადვოკატმა.

სამართალდამცველებმა იულია სუსლიაკი, არასრულწლოვნებით ვაჭრობის და ტრეფიკინგის ბრალდებით რამდენიმე თვის წინ დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო, ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, წამებას, საკუთრების ხელყოფას
შემდეგი სტატია“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა