ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის ათი ბავშვიდან ორი ქუთაისის საავადმყოფოში რჩება

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალის 10 ბავშვიდან 2 ჯერ კიდევ ქუთაისის საავადმყოფოში რჩება.

ექიმების განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის მიუხედავად, კლინიკის წარმომადგენლები ბავშვების საავადმყოფოდან გაწერას სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილების გარეშე ვერ ახერხებენ.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის, განცხადებით, სოციალური სამსახური ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებს, რის შემდეგაც ბავშვები კლინიკას დატოვებენ.

„ორი ბავშვი რჩებოდა ჩვენთან – 7 თვის და 1 წლის, რადგან მათი მკურნალობა არ იყო დამთავრებული. დღეისათვის, პრაქტიკულად, ჯანმრთელები არიან, შეიძლება, დღეს გაეწერონ საავადმყოფოდან. ვთანამშრომლობთ სოციალურ სამსახურთან და მათი თხოვნით რაღაც ორგანიზაციული საკითხები გვარდება და შევთანხმდით, რომ ისინი ხვალ დილით დატოვებენ კლინიკას,“ – განაცხადა ნადირაძემ.

ჯერჯერობით გაურკვეველია ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაყვანის საკითხი. სოციალური სამსახური ისეთ ოჯახს ეძებს, რომელიც 10-ვე ბავშვს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს
შემდეგი სტატია,,მადლობა ყველაფრისთვის საქართველოს ჯარისკაცებო!”-ნინო სურგულაძის მიმართვა ქართულ ჯარს