Transparency International-ი – საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა

ბოლო ათი წლის განმავლობაში, კორუფციისა და საჯარო სექტორში მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველო წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა, – ამის შესახებ ორგანიზაცია Transparency International-ის ახალ ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც კორუფციასთან ბრძოლის კუთხით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებული ვითარებაა მიმოხილული.
დოკუმენტის მიხედვით, რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველო ამ მხრივ ყველაზე კარგ პოზიციას იკავებს.
“საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიღწეული პროგრესი დიდწილად 2003 წლის შემდეგ არაერთმა მნიშვნელოვანმა საკანონმდებლო რეფორმამ განაპირობა, მათ შორის აქტიური და პასიური მექრთამეობის კრიმინალიზაციამ, ფულის გათეთრების შესახებ კანონმდებლობის გაძლიერებამ, საჯარო მოხელეების ეთიკის კოდექსის შექმნამ”, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ საკანონმდებლო რეფორმებს აძლიერებდა პრაქტიკული ნაბიჯებიც, მათ შორის, უფრო აქტიური გამოძიებები, კორუფციონერების სანქცირება, საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის ხელფასების მომატება, სამართალდამცავი უწყებების რეფორმირება, კორუმპირებული საგზაო პოლიციის განადგურება.
“თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს ანტიკორუფციულ სისტემას აქვს სუსტი მხარეებიც. მათ შორის არ არსებობს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური, რომლის პასუხისმგებლობა იქნება გამოძიება, მონიტორინგი და ანტიკორუფციული დებულებების აღსრულება”, – წერია Transparency International-ის დოკუმენტში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამი საზედამხედველო ორგანო – საარჩევნო ადმინისტრაცია, სახალხო დამცველი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის ძლიერი. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, საპარლამენტო ზედამხედველობა საქართველოში სუსტია.
“აღმასრულებელი ორგანოები ხშირად ვერ ახერხებენ უპასუხონ პარლამენტის წევრების მიერ წამოჭრილ კითხვებს, ან ისინი არაზუსტ და არაადეკვატურ ინფორმაციას აწვდიან მათ, ასევე მინისტრები ხშირად საპარლამენტო მოსმენებზე წარმომადგენლებს გზავნიან. უფრო მეტიც, მინისტრებს კანონით არ მოეთხოვებად პარლამენტის სესიებზე დასწრება. პარლამენტმა მხოლოდ ერთი საგამოძიებო კომისია შექმნა 2013 წლის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობა მოითხოვდა არაერთი მაღალი დონის სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას”.
ანგარიშში ასევე საუბარია სასამართლო სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებზეც.
“მთავრობა აგრძელებს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების სადავო გამოძიებებს და გასამართლებებს, რის გამოც ევროკავშირი მათ მოუწოდებს სამართლიანი, გამჭვირვალე და სამხილებზე დაფუძნებული პროცესების ჩატარებას, რომელიც პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი იქნება. მიუხედავად ამისა, კერძო პირების მიერ სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ მოგებული ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, Transparency International-ის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ არის პროგრესი, სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვნად გაძლიერდა, ის უფრო აქტიურად ახერხებს მთავრობის ქმედებების მონიტორინგს. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ ვერ შეძლო საჭირო ქმედებების განხორციელება იმათ წინააღმდეგ, რომლებიც ლგბტ-საზოგადოების უფლებებზე მომუშავე ჯგუფებზე ძალადობას ახორციელებენ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მედია 2011 წლის შემდეგ გახდა უფრო დამოუკიდებელი.
Transparency International-ის ანგარიში რეკომენდაციებსაც მოიცავს.
“პარლამენტმა უნდა ითამაშოს უფრო აქტიური როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის კუთხით, მაშინ როდესაც აღმასრულებელი შტოს მაღალჩინსონებმა უნდა უპასუხონ პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს დროულად და ამომწურავად; სასამართლომ უნდა იმუშაოს უარყოფით საზოგადოებრივ იმიჯზე, უნდა გაფანტოს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესების დროს, მოსამართლეებზე პოლიტიკური გავლენის შესახებ ეჭვები და უზრუნველყოს მსგავსი პროცესების გამჭვირვალობა; მთავრობის წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მტრული განცხადებებისგან; სამოქალაქო აქტივისტების, განსკუთრებით კი ლგბტ-საზოგადოების უფლებებისთვის მებრძოლთა წინააღმდეგ ძალადობის ყველა შემთხვევა უნდა იყოს სათანადოდ გამოძიებული”.
ანგარიშში საუბარია სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
შემდეგი სტატიაპოლიციელმა 75 წლის ბაბუა სცემა?!