“ტრამპზე კომპრომატის” სავარაუდო ავტორი გაქცეულია

ბრიტანული დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი კრისტოფერ სტილი, რომელიც, თითქოსდა, რუსეთის მიერ ტრამპზე არსებული კომპრომატის ავტორია, დაიკარგა.
“ბიბისის” ინფორმაციით, სტილი სახლიდან სამშაბათს ან ოთხშაბათს წავიდა, ანუ, მანამდე, სანამ მისი სახელი პრესაში გამოჩნდა. სახლიდან წასვლამდე მან მეზობელს სთხოვა კატებისთვის მიეხედა.

“ბიბისის” კორესპონდენტის პოლ ვუდის მტკიცებით, სტილს საკუთარ უსაფრთხოებაზე გასული წლის ოქტომბრის თვიდან ეშინოდა. მაშინ ვუდმა პირველად დაინახა დოკუმენტი, რომლის ავტორობა სტილს მიეწერება, და მასში არსებული უზუსტობები შეამჩნია.

დოკუმენტი BuzzFeed-მა გუშინ გამოაქვეყნა და მაშინათვე ფართო რეზონანსი გამოიწვია. მასში ირწმუნებიან, რომ რუსეთს დონალდ ტრამპზე კომპრომატი გააჩნია, თუმცა, ამის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ აქვს დართული.
საიტი მკითხველს აფრთხილებს, რომ მან დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა ვერ შეძლო, და რომ მოხსენებაში მრავალი შეცდომაა. ამის მიუხედავად, BuzzFeed-ის ინფორმაციამ ამერიკული მედია შემოიარა.
დოკუმენტში მოტანილ ინფორმაციას ტრამპმა და კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა “სიცრუე” უწოდეს. გარდა ამისა, მის ავთენტურობაში ეჭვი შეიტანა WikiLeaks-მა და დაზვერვის რამდენიმე ყოფილმა თანამსრომელმა.
აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლეპერმა აღნიშნა, რომ ამერიკულ სპეცსამსახურებს მოხსენების მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, რომ იცოდა მისი არსებობის შესახებ, მაგრამ დარწმუნებული არ არის იქ აღნიშნული ინფორმაციის სიმართლეში.

BuzzFeed-მა აღნიშნა, რომ მოხსენების ავტორი ბრიტანული დაზვერვის ყოფილი თანამშრომელია, თუმცა, მისი სახელი არ გამოუქვეყნებია, “ბიბისიმ” გაარკვია, რომ სავარაუდოდ, კრისტოფერ სტილზეა საუბარი.
სტილი ახლა კორპორატიული დაზვერვის სამსახურის Orbis Business Intelligence-ის ხელმძღვანელია. “ბიბისი” მასთან კომენტარზე დაკავშირებას ვერ ახერხებს.

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად 16 იანვარს გაიყოფა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტი გადაწყვეტს ჩათვალონ თუ არა რობოტები “ელექტრონულ პიროვნებებად”