დღეს უნდა შედგეს სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის, რომელიც, შესაძლოა, შემობრუნების წერტილად იქცეს და გადამწყვეტი აღმოჩნდეს რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკების პროცესში. ასეა თუ არა, დღის ბოლოს გამოჩნდება, მანამდე კი გამოცემა Bloomberg აქვეყნებს საინტერესო სტატიას, სადაც მიმოიხილავს ევროპასა და მოსკოვში არსებულ განწყობებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ეყრდნობა რა საკუთარ წყაროებს, გამოცემა წერს, რომ პუტინი თავის პოზიციებს მომგებიანად მიიჩნევს და დათმობას არ აპირებს, ხოლო ევროპული ქვეყნების ლიდერები ცდილობენ არ დაუშვან ტრამპსა და პუტინს შორის გარიგება.
საუბარია იმაზე, რომ პუტინი დარწმუნებულია, მისი ჯარები გაარღვევენ უკრაინელთა თავდაცვას და წლის ბოლომდე სრულ კონტროლს დაამყარებენ უკრაინის 4 რეგიონზე, რომელსაც ის რუსეთის მიწად მიიჩნევს. ეს განწყობა ეკლიკება სიტუაციას სტამბოლში, სადაც რუსეთის წარმომადგენელმა მედინსკიმ პირდაპირ განუცხადა უკრაინელებს, რომ ტერიტორია უნდა დაეთმოთ.
ამავე დროს, ევროპელი ლიდერები ცდილობენ დაარწმუნონ ტრამპი, რომ პუტინი მის მოტყუებასა და დროის გაყვანას ცდილობს. მათი თქმით, ტრამპი აცნობიერებს, რომ შესაძლოა, წაგებულად გამოიყურებოდეს, თუკი უკრაინას აიძულებს, მისთვის მიუღებელ პირობებს დათანხმდეს.
ამ ყველაფერში პოზიტიური ისაა, რომ ამერიკელმა ჩინოვნიკებმა განუცხადეს ევროპის ქვეყნების ლიდერებს ტრამპის მზადყოფნის შესახებ, მხარი დაუჭიროს სენატორ ლინდსი გრემის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს სანქციებთან დაკავშირებით, თუ რუსეთი დათმობაზე არ წავა.