აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ტრამპმა მილოცვის წერილში აღნიშნა, რომ 24 აგვისტო არა მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობის, არამედ აშშ-სა და უკრაინას შორის მტკიცე მეგობრობის აღნიშვნის დღეც არის. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის კავშირი 35-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს ეფუძნება და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა.
„მამაცი და ნიჭიერი ხალხით თქვენ ააშენეთ დიდი ქვეყანა. როდესაც ამ მნიშვნელოვან მოვლენას აღნიშნავთ, იცოდეთ, რომ შეერთებული შტატები აღფრთოვანებულია თქვენი მტკიცე სულით, პატივს სცემს თქვენს მსხვერპლს და კვლავ დარწმუნებულია თქვენს მომავალში, როგორც სუვერენული, აყვავებული ერის“, — წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია არსებული კონფლიქტის დასრულება და ისეთი მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება, რომელიც უკრაინას მომავალში განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
ტრამპის მილოცვა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და ამერიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
„ეს სიტყვები, ისევე როგორც საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot PAC-3-ის გაშვების ხმა, ამაღლებს ჩვენს საბრძოლო სულს და გვაძლევს იმედს, რომ ადამიანების სიცოცხლე დაცული იქნება რუსეთის სასტიკი თავდასხმებისგან, ხოლო ღირსეული მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი“, — განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ტრამპს და ყველა ამერიკელს მხარდაჭერისა და დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის.














