საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France TV-სთან ინტერვიუში სენსაციური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის აგვისტოში, ალასკაზე გამართული ფარული შეხვედრისას, უკრაინა ლამის ვლადიმერ პუტინს ჩააბარა.
მან აღნიშნა, რომ პუტინთან შეთანხმება რუსეთისთვის უკრაინის იმ ტერიტორიების გადაცემასაც კი ითვალისწინებდა, რომლებიც ოკუპირებული არ ყოფილა.
„შეხვედრა ტრამპსა და პუტინს შორის ანკორიჯში, სადაც თითქმის დაიდო შეთანხმება იმის სათქმელად: „ჩვენ დავთმობთ უკრაინის იმ ტერიტორიას, რომელიც არ არის დაპყრობილი“. შემდეგ ჩვენ, დელეგაციით, მივდივართ ვაშინგტონში აგვისტოში, რათა ვთქვათ: „ეს შეუძლებელია…“,_ თქვა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ევროპულმა დელეგაციამ აშშ-ის პრეზიდენტს რეალური ვითარება დაანახა იმის შესახებს, რომ უკრაინა იბრძოდა და განცხადებები, რომ ზამთარს ვერ გადაიტანდა, საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა.
“აშშ-ის პრეზიდენტმა დაინახა, რომ ყველაფერი, რასაც მას ეუბნებოდნენ- თითქოს უკრაინელები წააგებდნენ და ზამთარს ვერ გადაიტანდნენ – სიცრუე აღმოჩნდა. მან დაინახა, რომ მის წინაშე დგანან მამაცი, გამჭრიახი ადამიანები, რომლებსაც იგი პატივს სცემს.
მან დაინახა, რომ რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს. იქ, სადაც რუსეთი ამბობდა: „მშვიდობა მინდა“, გულისხმობდა უკრაინის კაპიტულაციას”,_ განაცხადა მაკრონმა ტელეკომპანია France TV-სთან ინტერვიუს დროს.
















