აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აუქმებს ადრე გაგზავნილ მოწვევას კანადის პრემიერ-მინისტრისთვის, მარკ კარნისთვის, მის მიერ შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ ტრამპმა ხუთშაბათს სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.
კარნისადმი მიმართვაში ტრამპმა აღნიშნა, რომ საბჭო აუქმებს კანადის მონაწილეობასთან დაკავშირებულ მოწვევას იმ ორგანიზაციაში, რომელსაც მან „ყველაზე პრესტიჟული ლიდერთა საბჭო, რომელიც ოდესმე შეკრებილა“ უწოდა.
„გთხოვთ, ეს წერილი ჩაითვალოს დადასტურებად იმისა, რომ „მშვიდობის საბჭო“ აუქმებს კანადის გაწევრიანების მოწვევას“, – დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ადრე აკრიტიკებდა ტრამპის პოლიტიკას, მათ შორის სავაჭრო ტარიფებს. CNN-ის ცნობით, კარნი საბჭოში გაწევრიანებას გარკვეული პირობებით განიხილავდა, თუმცა დეტალები შეუთანხმებელი დარჩა.


















