აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრიტანეთს და საფრანგეთს აკრიტიკებს და მოკავშირეებს დახმარების შეწყვეტით ემუქრება.
სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტებში პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საფრანგეთმა ისრაელისკენ მიმავალ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა.
ტრამპის თქმით, ამერიკა ამ “უმადურობას” აუცილებლად დაიმახსოვრებს, რადგან მოკავშირეებმა მას მხარი ყველაზე კრიტიკულ მომენტში არ დაუჭირეს.
როგორც ირკვევა, თეთრი სახლის გაღიზიანების მთავარი მიზეზი ჰორმუზის სრუტის გახსნის ინიციატივაში ჩართვისაგან ევროპელი მოკავშირეების თავის შეკავებაა. პრეზიდენტმა ტრამპმა ბრიტანეთს მოუწოდა, “გამოიჩინოს სიმამაცე” და ნავთობის სასიცოცხლო გზის გათავისუფლებისთვის დამოუკიდებლად იბრძოლოს.
ენერგეტიკული კრიზისის ფონზე მოკავშირეებს შორის არსებულ დაძაბულობას თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტიც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ფლოტი არ არის ვალდებული სხვების პრობლემები მარტომ მოაგვაროს. ტრამპის მსგავსად, ბრიტანეთის “ძლევამოსილ სამეფო ფლოტს” საკუთარი ინტერესების დაცვისკენ მანაც მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ ირანის ომი უკვე მეხუთე კვირაა გრძელდება, რამაც სპარსეთის ყურეში ნაოსნობის ფაქტობრივი გაჩერება გამოიწვია. ტრამპმა NATO-ს წევრებს “სულელური შეცდომის” დაშვებაში დასდო ბრალი და კრიზისულ სიტუაციებში ალიანსის ქმედითუნარიანობა ეჭვქვეშ დააყენა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სანამ ვაშინგტონი მოკავშირეებს აკრიტიკებს, თეირანი საზღვაო იერიშებს აგრძელებს – ბოლო ინფორმაციით, ირანულმა მხარემ დუბაის პორტთან ქუვეითური ნავთობის ტანკერი დაბომბა, რაც რეგიონში ენერგეტიკულ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს.















