ტრამპის თქმით, მასკის მიერ მისი კანონპროექტის კრიტიკით “გაკვირვებული” და “იმედგაცრუებულია”

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ყოფილი თანამოაზრე ილონ მასკის მიერ მისი “დიდი, ლამაზი” კანონპროექტის კრიტიკით “ძალიან გაკვირვებული” და “იმედგაცრუებულია”.

“მე და ილონს შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. არ ვიცი, კვლავ გვექნება თუ არა”. – თქვა ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რეპორტიორის შეკითხვის საპასუხოდ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპმა მასკის მიერ გადასახადებისა და მთავრობის ხარჯების შემცირების წინააღმდეგ მიმართული ლობისტური ძალისხმევა პირდაპირ გააკრიტიკა.

“მე ყოველთვის მომწონდა ილონი და ამიტომაც ვარ გაკვირვებული. […] მერჩივნა, მე გავეკრიტიკებინე, ვიდრე კანონპროექტი, ვინაიდან ეს კანონპროექტი არაჩვეულებრივია. ეს [გადასახადების] ყველაზე დიდი შემცირებაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”. – თქვა ტრამპმა.

პრეზიდენტის საპასუხოდ მასკმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი “უმადურობაში” დაადანაშაულა და დაწერა, რომ “ჩემ გარეშე, ტრამპი არჩევნებს წააგებდა”.

მასკმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის პოსტი გასულ კვირას, ამ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 129 დღის შემდეგ დატოვა. ოვალურ ოფისში გამართულ გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე, რომელიც მასკის მიერ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვების აღსანიშნავად ჩატარდა, ტრამპმა მასკს თეთრი სახლის მოოქრული გასაღებიც კი გადასცა.

ამის შემდეგ მილიარდერი ბიზნესმენი თითქმის განუწყვეტლივ აკრიტიკებდა ტრამპის კანონპროექტს გადასახადების შემცირებისა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირების შესახებ. მასკმა 4 ივნისს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კანონპროექტს “გულისამრევი საშნელებაც” უწოდა და დაამატა: “სირცხვილი მათ, ვინც ამას მხარი დაუჭირა: თქვენ იცით, რომ არასწორად მოიქეცით”.

კანონპროექტმა წარმომადგენელთა პალატა უკვე გაიარა – მას რესპუბლიკელთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, დემოკრატებისგან – არავინ. კანონპროექტის კრიტიკაში მასკს მხარდაჭერა რესპუბლიკელმა სენატორებმა რენდ პოლმა და მაიკ ლიმ გამოუცხადეს. რენდ პოლის თქმით, მას სურს, საგადასახადო შემცირებები სამუდამო იყოს და კანონპროექტიდან $5-ტრილიონიანი ვალის ახალი ზედა ზღვრის ამოღება მოხდეს. მან დაამატა, რომ “სულ მცირე, ოთხი ჩვენგანი სენატში ასე ფიქრობს”.

მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე თქვა, რომ ილონმა კანონპროექტის შესახებ იმაზე უკეთ იცოდა, ვიდრე “ნებისმიერმა აქ მსხდომთაგან”.

“მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან ილონმა ამ კანონპროექტის დეტალები იმაზე უკეთ იცოდა, ვიდრე ნებისმიერმა აქ მსხდომთაგან. მას ჩემზე, პერსონალურად, რაიმე ცუდი არ უთქვამს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს შემდეგი იქნება”. – თქვა ტრამპმა.

მალევე ილონ მასკმა X-ზე ტრამპის ვიდეო გააზიარა, რომელშიც პრეზიდენტი ამ სიტყვებს ამბობს და უარყო, რომ კანონპროექტის შესახებ რაიმე იცოდა.

“ტყუილია. ეს კანონპროექტი არასდროს უჩვენებიათ ჩემთვის და შუაღამეს, ისე სწრაფად მიიღეს, რომ თითქმის არავის, კონგრესიდან, წაკითხვის საშუალებაც არ მიეცა!”. – წერს მასკი.

banner
წინა სტატიაშინატოში აშშ-ის ელჩი: ევროატლანტიკურ სივრცეში რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს
შემდეგი სტატიამოსკოვი-სოხუმის მატარებლის მოძრაობა რკინიგზაზე აფეთქების გამო შეფერხდა