აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდი აგრძელებს პროვოკაციულ განცხადებებს უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ გუშინდელი საჯარო შელაპარაკების შემდეგ.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, მაიკლ უოლცმა Fox News-ზე განაცხადა, რომ ზელენსკიმ „გააბრაზა“ ტრამპი ამერიკელი ლიდერის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო პირობებზე უარის თქმით.
ის ამტკიცებს, რომ უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტების ოვალური კაბინეტის შეხვედრა კიევისთვის „პოზიტიური მომენტი“ უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც ტრამპის ადმინისტრაცია გადავიდოდა კრემლთან მოლაპარაკებებზე და „ცეცხლის შეწყვეტას მიაღწევდა“.
მაიკლ უოლცის თქმით, სავარაუდოდ, „გაურკვეველი გახდა, სურდა თუ არა ზელენსკის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და ამან გაანაწყენა ტრამპი“. მან ასევე დაამატა, რომ კიევი აღარ გაიგებს ვაშინგტონისგან, რომ მხოლოდ უკრაინული მხარე წყვეტს, როგორ მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთის ფედერაციასთან, როგორც ეს იყო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რადგან ტრამპს აქვს „ახალი მიდგომა მშვიდობის მისაღწევად“. „ის (ზელენსკი – რედ.) არ იყო ინფორმირებული, რომ ქალაქში არის ახალი შერიფი, ახალი პრეზიდენტი, ახალი მიდგომა მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა ტრამპის მრჩეველმა.
გარდა ამისა, ვალცი ამტკიცებს, რომ დრო თითქოს მუშაობს კიევის წინააღმდეგ და რომ „ამერიკული დახმარება არ არის შეუზღუდავი“. ტრამპის მრჩეველმა ასევე დაადასტურა, რომ სწორედ ამერიკული მხარე მოითხოვდა მოლაპარაკებების დასრულებას შეხვედრის ღია ნაწილში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ. ვალცის თქმით, ტრამპის ყველა მრჩეველმა მას ინციდენტის შემდეგ მოლაპარაკებების შეწყვეტა ურჩია.