ტრამპის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე – ძირითადი თეზისები

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. დარბაზი მისი გამოსვლის დასაწყისს სიცილით შეხვდა. ტრამპმა აღიარა, რომ ასეთ რეაქციას არ ელოდებოდა, მაგრამ მას ნორმალური დაარქვა და საკუთარი ადმინისტრაციის წარმატებებზე განაგრძო საუბარი.

დონალდ ტრამპის გამოსვლის ძირითადი თეზისები:

– ორ წელზე ნაკლებ დროში მისმა ადმინისტრაციამ მიაღწია იმაზე მეტს, ვიდრე ქვეყნის ისტორიაში ნებისმიერმა სხვა ადმინისტრაციამ. აშშ გახდა უფრო ძლიერი, მდიდარი და უსაფრთხო.
– მსოფლიო ვაჭრობის სისტემას გარდაქმნა ესაჭიროება. აშშ სავაჭრო დისბალანსის აღკვეთაზე მუშაობს, ამიტომ რამდენიმე ქვეყანასთან სავაჭრო ხელშეკრულებების გადახედვა ხდება.
– ოპეკის ქვეყნები დანარჩენ მსოფლიოს ძარცვავენ. ტრამპს უნდა, რომ მათ ნავთობზე ფასის აწევა შეწყვიტონ და ფასის დაგდება დაიწყონ.
– სირიის კონფლიქტის ნებისმიერი გადაწყვეტა, ირანთან მიმართებაში სტრატეგიას უნდა შეიცავდეს.
– აშშ ყველა ქვეყანას სთხოვს, ირანის რეჟიმი იზოლაციაში მოაქციოს მანამდე, სანამ მისი აგრესიული მოქმედებები გრძელდება. ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები 5 ნოემბერს აღდგება.
– ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს იმ მამაცური ნაბიჯების გამო მადლობა გადაუხადა, რაზეც ის წამოვიდა. ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ კორეის ნახევარკუნძულზე სრული ატომური განიარაღება არ მოხდება.
– მსოფლიოში ყველა ხალხი სოციალიზმისა და ადამიანების ტანჯვის წინააღმდეგ უნდა გამოდიოდეს, რომელიც მას მოაქვს. ყველა ქვეყანა უნდა გაერთიანდეს აშშ-ს მოწოდების გარშემო, ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენასთან დაკავშირებით.
– გერმანიამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი, რომ რუსული ენერგორესურსებისგან დამოუკიდებელი გახდეს.
– აშშ გლობალიზაციის თეორიას უარყოფს და პატრიოტიზმის დოქტრინის სჯერა, ამიტომ უარს ამბობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხარდაჭერასა და აღიარებაზე.
– აშშ არ აპირებს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში დაბრუნებას, მანამდე, სანამ იქ ნამდვილი რეფორმები არ დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიევროპა, რუსეთი და ჩინეთი ირანთან აშშ-ს სანქციების გვერდის ავლით ივაჭრებენ
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: ივანიშვილი ყველას უყურებს ლარში და დოლარში