ტრამპის 28 პუნქტიანი გეგმიდან 19 პუნქტი დარჩა – რა წერია ახალ სამშვიდობო დოკუმენტში?!

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ადრე წარდგენილი 28-პუნქტიანი გეგმა აღარ არსებობს. აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა ახალი, 19-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პროექტი შეიმუშავეს, რომელიც არსებითად განსხვავდება თავდაპირველი ვერსიისგან.

ახალი დოკუმენტის მიხედვით, ვაშინგტონი უკრაინისგან ტერიტორიების დათმობას აღარ მოითხოვს, ასევე აღარ ფიქსირდება მოთხოვნა უკრაინის არმიის შემცირებაზე ან სუვერენიტეტის შეზღუდვაზე. ეს ვერსია აღარ ჰგავს იმ გეგმას, რომელსაც კიევში „კაპიტულანტურ ვარიანტად“ აფასებდნენ.

დოკუმენტი ჯერ საბოლოოდ შეთანხმებული არ არის. Financial Times უკრაინის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტერიტორიული საკითხები კვლავ ღია რჩება და ისინი, მოსალოდნელია, ორი პრეზიდენტის დონეზე გადაწყდეს. ზელენსკი მზად არის ტრამპს ვაშინგტონში პირადად შეხვდეს.

ახალი სამშვიდობო ტექსტიდან სრულად გაქრა ჩანაწერი, რომელიც უკრაინისთვის ნატოზე უარის თქმას ითვალისწინებდა. დოკუმენტი აღარ გულისხმობს არც იმის დადასტურებას, რომ ნატო აღმოსავლეთის მიმართულებით აღარ გაფართოვდება – ეს კი კრემლისთვის ერთ-ერთი მთავარი „წითელი ხაზია“.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დაადასტურეს, რომ გეგმის ახალი ვერსია მოსკოვში კრიტიკულად მიიღეს. კრემლის წარმომადგენლები არ მალავენ, რომ მათთვის უფრო მისაღები იყო ძველი, 28-პუნქტიანი ვარიანტი, რომელიც მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯეი დეი ვენსის მიერ იყო მომზადებული.

banner
წინა სტატიაში“ერთი ხელით ამ ადამიანებს აბრალო გარიგებულობა და მეორე ხელით მოუწოდებდე ერთ მაგიდასთან ჯდომას, წარმოუდგენელია” – დიმიტრი ბიძინაშვილი
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე ისაკო დევიძე დააკავეს