ტრამპი – მე თუ არ ამირჩევენ, ყველასთვის სისხლის ნიაღვარი დადგება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ის ნოემბრის არჩევნებში არ გაიმარჯვებს, „სისხლის ნიაღვარი“ დადგება. ამის შესახებ მან ოჰაიოში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონალდ ტრამპი ჩინეთთან სავაჭრო ომის გაძლიერებასთან დაკავშირებით საუბრობდა.

„ახლა თუ მე არ ამირჩევენ, ყველასთვის სისხლის ნიაღვარი დადგება, ეს ყველაზე მცირე იქნება. დადგება სისხლის ნიაღვარი ქვეყნისთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მან ასევე ჩინეთის ლიდერს მიმართა.

„თქვენ თუ ისმენთ, პრეზიდენტო სი, მე და თქვენ ხომ მეგობრები ვართ. თქვენ გესმით, როგორ ვმართავ საქმეებს. თქვენ მექსიკაში ახლა მონსტრ ავტომწარმოებელ ქარხნებს აშენებთ, არ აპირებთ ამერიკელების დაქირავებას და გინდათ, მანქანები ჩვენ მოგვყიდოთ. არა, ჩვენ დავაწესებთ 100-პროცენტიან ტარიფს თითოეულ მანქანაზე და თქვენ ვერ გაყიდით ამ მანქანებს, თუ მე ამირჩევენ“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ არჩევნებში არ გაიმარჯვებს, არ არის დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ოდესმე კიდევ არჩევნები ჩატარდეს.

მოგვიანებით, ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, კეროლაინ ლივიტმა „ენბისი ნიუსს“ განუმარტა, რომ ბაიდენის პოლიტიკა „ეკონომიკურ სისხლის ნიაღვარს“ შექმნის ავტოინდუსტრიისთვის.

ტრამპის განცხადებას ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბში გამოეხმაურნენ და მას 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმი შეახსენეს.

„აი, ვინ არის დონალდ ტრამპი: „ლუზერი“, რომელიც მარცხდება 7 მილიონზე მეტი ხმით და იმის ნაცვლად, რომ მიმართოს ფართო აუდიტორიას, აძლიერებს პოლიტიკური ძალადობის მუქარებს. მას მორიგი 6 იანვარი სურს, თუმცა ამერიკელი ხალხი ამ წლის ნოემბერში მორიგი დამარცხებით უპასუხებს, რადგან ისინი უარყოფენ მის ექსტრემიზმს, მის მიდრეკილებას ძალადობისკენ და შურისძიების წყურვილს“, – განაცხადა მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა, ჯეიმს სინგერმა.

banner
წინა სტატიაშიპეტრ პაველი – ახლა უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისის წარმოდგენა შეუძლებელია
შემდეგი სტატიაბაიდენი – ერთი კანდიდატი ზედმეტად მოხუცი და პრეზიდენტობისთვის მენტალურად შეუფერებელია, მეორე კი მე ვარ