აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, აპირებს ბელორუსის ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოს შესთავაზოს „გარიგება“ სანქციების შემსუბუქების შესახებ პოლიტპატიმრების მასობრივი გათავისუფლების სანაცვლოდ, – ამის შესახებ New York Times თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, 12 თებერვალს მინსკში მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატი ჩავიდა და იქ შეხვედრები გამართა ლუკაშენკოსა და ბელორუსის „კგბ“-ს ხელმძღვანელთან. ეს იყო ლუკაშენკოს პირველი შეხვედრა აშშ-ის მაღალჩინოსნებთან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ვიზიტით ბელარუსში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კრისტოფერ სმიტი იმყოფებოდა. ამერიკელების ფარული ვიზიტი მინსკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ერთი დღის შემდეგ შედგა.
როგორც მედია წერს, მოლაპარაკების შემდეგ სამი პატიმარი გაათავისუფლეს, მათ შორის, აშშ-ის მოქალაქე.
„ეს ორი მოვლენა გახდა სიგნალი იმისა, რომ ვაშინგტონი უარს ამბობს მრავალწლიან მცდელობებზე, იზოლაციაში მოაქციოს ლიდერები, რომლებიც დასავლეთში არ სარგებლობენ პოპულარობით მათი რეპრესიული პოლიტიკისა და უკრაინაში ომის გამო“, – წერს გამოცემა.
ამის შემდეგ, ვილნიუსში სმიტმა აღნიშნა, რომ შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ძირითადი შეთანხმების დადება, რომლის მიხედვითაც ლუკაშენკო გაათავისუფლებს ბევრ პოლიტიკურ პატიმარს. სანაცვლოდ, აშშ შეამსუბუქებს სანქციებს ბელორუსის ბანკებზე და კალიუმის ექსპორტზე, სასუქების მთავარი ინგრედიენტი, რომლის მთავარი მწარმოებელი ბელორუსია.
ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე დამსწრეთა თქმით, სმიტმა ლუკაშენკოსგან „მიიღო დაპირება, რომ ის მზადაა, შეარბილოს რეპრესიები ბელარუსში“.
მედიის ცნობით, ამერიკელმა დიპლომატმა აშშ-ის მთავარ მიზნებად ამ პროცესში დაასახელა დიდი რაოდენობით პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ასევე, განზრახვა, „მისცეს ლუკაშენკოს გარკვეული ამოსუნთქვის საშუალება რუსეთის გავლენის ორბიტის მიღმა“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ლუკაშენკოსთან კონტაქტებისა და გარიგების შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია არ გაუვრცელებია.