ტრამპი: ჯამალ ხაშოგის გაქრობის უკან “უგზო-უკვლო მკვლელები” დგანან

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივარაუდა, რომ საუდელი ჟურნალისტის გაქრობის უკან “უგზო-უკვლო მკვლელები” დგანან. საუდის არაბეთის მეფესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ საუდის ხელმძღვანელი კატეგორიულად უარყოფს ხაშოგის საქმეზე რაიმე ტიპის ინფორმაციის ქონას.
ამავე დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გუშინ საუდის არაბეთში გაფრინდა მეფე სალმან ალ-საუდთან შესახვედრად. პრეს-კონფერენცია დღეს გაიმართება.
თურქეთის მთავრობა ფიქრობს, რომ ორი კვირის წინ სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში ჟურნალისტი საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ ერ-რიადი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, აშშ-ს მედიაში გაიჟონა ინფორმაციამ, რომ საუდის არაბეთი აპირებს აღიაროს, რომ ხაშოგი დაკითხვისას გარდაიცვალა, და რომ თავდაპირველად მისი გატაცება იყო დაგეგმილი – “ბიბისი” წერს.
“ალ-ჯაზირა” თურქეთის გენერალურ პროკურორს ციტირებს, რომელიც ამბობს, რომ საუდის არაბეთის საკონსულოში იპოვეს იმის მტკიცებულებები, რომ ხაშოგი საკონსულოს შენობაში მოკლეს. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა დღეს თქვა, რომ საკონსულოში ჩხრეკა გრძელდება. გამომძიებლები, მისი თქმით, განიხილავენ მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების ვერსიასაც.
“ბიბისის” წყაროს ინფორმაციით, ასევე, არსებობს აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები იმისი, რომ ხაშოგი შენობაში მოკლეს.

ჟურნალისტის გაქრობის ისტორიამ საუდის არაბეთსა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობა დაძაბა. შაბათს დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს “მკაცრად დასჯას” დაპირდა. “ეტყობა, რომ ეს ვიღაც უგზო-უკვლო მკვლელები იყვნენ… ვინ იცის?” – ტრამპმა ჟურნალისტებთან თქვა. საუდის არაბეთზე ძლიერ დიპლომატიურ ზეწოლას ახდენენ – მისგან დეტალურ ახსნა-განმარტებას მოითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები. გუშინ საუდის მეფემ განკარგულება გასცა ჟურნალისტის გაქრობაზე გამოძიების დაწყების შესახებ.
ჯამალ ხაშოგი, რომელიც Washington Post-ის ჟურნალისტი იყო, საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა და გაქრა 2 ოქტომბერს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – „რუსთავი 2“ აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას
შემდეგი სტატიაზესტაფონში აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა