აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან სამხედრო ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს.
„ამჟამად მათ დაკარგეს საზღვაო ფლოტი, სამხედრო-საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვის სისტემა საერთოდ არ აქვთ, რადარი არ აქვთ, მათი ლიდერები გაქრნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც სამხედრო გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რა დროსაც, სულ მცირე, 168 მოსწავლე და 14 მასწავლებელი ემსხვერპლა, პასუხისმგებელი შეერთებული შტატებია.
„ამის შესახებ არაფერი ვიცი“, – განაცხადა ტრამპმა.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა კი აღნიშნა, რომ სამხედრო გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე ნავთობკომპანიებს მოუწოდა, განაგრძონ ოპერაციები ჰორმუზის სრუტეში. მისივე თქმით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის გემების უმეტესობა გაანადგურეს და „დაახლოებით 60 გემი ზღვის ფსკერზეა“.















