აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში ირანის ხელისუფლების მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ კომპენსაციის გადახდა თავად ირანს ეკისრება.
ტრამპის თქმით, თეირანს პასუხისმგებლობა დაღუპული ადამიანების გამო ეკისრება:
„ვხედავ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები კომპენსაციას ითხოვენ იმ ზიანისთვის, რომელიც მიადგათ ხუთთვიანი სამხედრო კონფლიქტის დროს (რომელიც იმიტომ დაიწყო, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ!), მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთან არცერთ მოლაპარაკებებსა და შეხვედრაზე ნახსენები არ ყოფილა! თუმცა, ეს საინტერესო იდეაა, რადგან ახლა მეც ვითხოვ ირანისგან კომპენსაციას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მოკლეს“, — წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ირანმა ფინანსური ანაზღაურება დაღუპული დემონსტრანტების ოჯახებსაც უნდა გადაუხადოს:
„ასევე, კომპენსაცია უნდა გადაუხადონ ასობით ათასი უდანაშაულო დემონსტრანტის ოჯახს, რომლებიც ირანმა ბოლო 50 წლის განმავლობაში მოკლა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მოკლულ 52 000 ადამიანზე. ჩემს წარმომადგენლებს დავავალე, რომ ეს საკითხი ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებებში მტკიცედ წამოაყენონ“, — აცხადებს დონალდ ტრამპი.















