9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

ტრაილერის მძღოლი, რომელსაც საქართველოში 298 კილოგრამი “ჰეროინის” შემოტანას ედავებოდნენ, სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

ტრაილერის მძღოლი, ფრიდონ მაღლაკელიძე, რომელსაც საქართველოში 298 კგ “ჰეროინის” შემოტანას ედავებოდნენ, სასამართლომ სრულად გაამართლა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მიიღო.

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ფრიდონ მაღლაკელიძის დაკავება და ბრალდების წაყენება ისეთი მუხლით, რომელიც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, იყო სრულიად გაუმართლებელი.

„ტვირთი გადაიტანა ერთი ადგილიდან მეორეზე. ტრაილერი დატვირთეს სომხეთში, ძვირადღირებული აგურით, რომელიც იყო დალუქული. ფრიდონ მაღლაკელიძეს ვალდებულება კი არა, იმის უფლებაც არ ჰქონდა, რომ ლუქი მოეხსნა, აგურები გაეტეხა და გაერკვია შიგნით ნარკოტიკი იყო თუ არა მისი მოვალეობა იყო მხოლოდ ის, რომ ზუსტად იმ მდგომარეობაში გადმოეტანა საქართველოში, რა მდგომარეობაშიც იყო დატვირთვის დროს. ფრიდონ მაღლაკელიძის დაკავება და ბრალდების წაყენება ისეთი მუხლით, რომელიც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, იყო სრულიად გაუმართლებელი და ჯოხის ერთ უდანაშაულო ადამიანზე გადატეხა მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობაში არ იყვნენ მიცემული ის პირები, ვინც სინამდვილეში დატვირთა, ინფორმირებული იყვნენ, რომ ნარკოტიკი უნდა შემოეტანათ,ვინც დაგეგმა აღნიშნული დანაშაული, ეს იყო სრულიად გაუმართლებელი. შესაბამისად, ჩვენ დავასაბუთეთ ძალიან ნათლად და ზუსტად დაცვის მხარის პოზიცია. სასამართლომ ჩვენი ყველა არგუმენტი თავიდან ბოლომდე სრულად გაიზიარა და მიიღო გამამართლებელი გადაწყვეტილება. მან ცნო ფრიდონ მაღლაკელიძე უდანაშაულოდ და გაათავისუფლა სხდომის დარბაზიდან“, – განაცხადა “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ადვოკატმა.

ცნობისთვის, ფრიდონ მაღლაკელიძეს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით ჰქონდა წაყენებული. მას 8-დან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ოპონენტები ევროინტეგრაციას სათამაშო ინსტრუმენტად იყენებენ და ცდილობენ ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ
შემდეგი სტატიაგზის გადაკეტვის საბაბით კიდევ ორ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა