TPU: ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს და კითხვებს ტოვებს

გადასახადის გადამხდელთა კავშირი მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება და აცხადებს, რომ გეგმაში არ იყო გათვალისწინებული ბიზნესისა და გადასახადის გადამხდელების ინტერესები.

კრიზისის დაწყებისთანავე, ბიზნესაოციაციების უმეტესი ნაწილი, ცალ-ცალკე თუ ერთობლივად, ვაკეთებდით განცხადებებს და ვთავაზობდით ხელისუფლებას ინიციატივებსა თუ რეკომენდაციებს, იმისათვის რომ ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაში გათვალიწინებული ყოფილიყო მთავარი გადამხდელის – ბიზნესის ინტერესები, რასაკვირველია, სახელმწიფოს ინტერესებთან სრული შეთავსებით. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა რომ მთავრობამ არა თუ გაითვალისწინა, არამედ, ჩვენს მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებსა თუ მოთხოვნებზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. უფრო მეტიც, გვახსოვს პრემიერის მუქარისშემცველი ფრაზაც, რომ მოვა დრო და ბიზნესს მოაკითხავს.

გავეცანით რა პრემიერის, ხოლო შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულად წოდებული გეგმის პრეზენტაციას, რომელიც დღემდე დეტალურად გაწერილი სრული დოკუმენტის სახით არსად გამოქვეყნებულა და შესაბამისად, არც არავის უნახავს, ჩვენი წევრი კომპანიების სახელით, ვითხოვთ, საჯარო მკაფიო განმარტებებს ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით და იმ აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებას, რომელიც უკვე არაერთხელ გავაჟღერეთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ბიზნესის გადარჩენისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

● გთხოვთ, დეტალურად განმარტოთ, მისაღები საერთაშორისო დახმარებების პირობები, მიზნობრიობა და ვადები.
● წარმოგვიდგინოთ მიმდინარე წლის კორექტირებული ბიუჯეტი, სადაც განგვიმარტავთ მიმდინარე ხარჯებიდან დაზოგილი თანხების მოცულობებსა და მუხლებს.
● სახელმწიფომ პანდემიის დაწყებისთანავე დაანანონსა ტურიზმის სექტორისთვის ქონების გადასახადის გადავადება. მიმდინარე კვლევები დღემდე ვერ პროგნოზირებენ კრიზისის დასრულების ვადებს, შესაბამისად, ოთხი თვის ვადაში ( საიდანაც ორი უკვე გასულია) შეუძლებელია ამ სექტორის ამოქმედება ვივარაუდოთ, მითუმეტეს, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული გეგმის მიხედვით, ყველაზე ადრე, ივლისის თვეშია სასტუმროების ამოქმედება შესაძლებელი. ეს ავტომატურად არ გულისხმობს ამ სექტორში შემოსავლების მიღების შესაძლებლობას, ამიტომ აუცილებელია სასტუმროს ბიზნესი 2020 წლისთვის გათავისუფლდეს ქონების გადასახადიდან, იმ არგუმენტით, რომ ამ წელს ისინი ვერ შეძლებენ ამ ქონებით ფაქტიურად სარგებლობას.
● ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ კრიზისმა დააზარალა თითქმის ყველა სექტორი, მიუხედავად იმისა, შეწყვიტა თუ არა საქმიანობა. ამიტომ ქონების გადასახადის გადავადების შესაძლებლობის მიცემა წლის ბოლომდე იქნება ეფექტიანი დახმარება იმისათვის, რომ ბიზნესმა შეძლოს მიმდინარე ხარჯებთან გამკლავება.
● ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის შესაძლებელი გახდეს ენერგოკომპანიებისთვის მათ ანგარიშებზე არსებული დეპოზიტებიდან მიმდინარე დავალიანების გადახდა.
● წარმოდგენილი გეგმა ძირითადად მოიცავს ექვს თვიან საშეღავათო პერიოდს, გვაინტერესებს, იმ დროს, როდესაც თავად ეტაპები სამ თვეზეა გაწერილი, რატომ გადანაწილდა სოციალური პაკეტების უმრავლესობა 6 თვეზე? ამასთანავე, უსამართლო და არაეფექტიანია უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულებისა და დასაქმებულების დახმარების მოცულობებს შორის სხვაობა.
● დღეს, როცა მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არის უაღრესად პრობლემატური, ყველა მოქმედი ბიზნესი იბრძვის გადარჩენისთვის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის, აუცლებელია, რომ დაანონებული 6 თვის განმავლობაში, შეჩერდეს საპენსიო შენატანები. ეს დაუზოგავს ფულს როგორც დამსაქმებელს, ასევე დასაქმებულსა და თავად სახელმწიფოსაც თანაბარპროპორციულად.
● დღგ-ს ავტომატური დაბრუნების შესაძლებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს ანტიკრიზისული პროგრამის ნაწილად, რადგან ეს კრიზისამდე იყო დაანონსებული და ამავდროულად, ამ შესაძლებლობით სარგებლობას შეძლებს ბიზნესის ძალიან მცირე ნაწილი. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ იმპორტირებული საქონლის განბაჟებისას, დროებით, დღგ-ს გადახდის ვალდებულება უნდა დადგეს საქონლის რეალიზაციის შემდეგ, რაც კომპანიებს მეტ საბრუნავ საშუალებებს დაუტოვებს. შესაბამისად, უნდა აღსდგეს ე.წ. ოქროს სიის წესი. მხოლოდ, ადრე არსებულისგან იმ განსხვავებით, რომ იგი უნდა გავრცელდეს უკლებლივ ყველა კომპანიაზე.
● ბიზნესის დასახმარებლად საგარანტიო სქემის ამოქმედებას ხელისუფლება 2 წლის წინ გეგმავდა, თუმცა ანონსი ანონსად დარჩა დღემდე, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როდის მოხდება, რა პირობებით და ვისთვის იქნება შესაძლებელი ამ სქემით სარგებლობა? ხაზს ვუსვამთ, რომ პროგრამების დროული ამოქმედება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
● სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი თანხები სრულებით არასაკმარისია. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ, იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, აღმოვჩნდით უდიდესი რისკების წინაშე. Ეს ეხება როგორც პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ექსპორტის შეზღუდვას, ასევე საკუთარ უაღრესად მწირ საწარმოო სიმძლავრეებზე დამოკიდებულებას.
● ასეთ ვითარებაში, როდესაც წარმოდგენილი გეგმა, პრემიერისვე განმარტებით, არის მოკლევადიანი, მხოლოდ უკვე მიმდინარე უარყოფით პროცესებზე რეაგირებაზე გათვლილი, სრულიად კონტექსტიდან ამოვარდნილია მიწის რეგისტრაციის პროცესის დაანონსება, რომელიც სამ წელზეა გათვლილი.
● და რაც მთავარია, პრეზენტაციისას პრემიერს არც კი უხსენებია ეროვნული ვალუტა, რომელმაც მიმდინარე პერიოდში განიცადა რეკორდული ვარდნა, რამაც გამოიწვია მაღალი ინფლაცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ქვეყანას, გადასახადის გადამხდელებს, ბიზნესს, ეკონომიკურად აქტიურ სუბიექტებს გვჭირდება რადიკალური და ქმედითი, სწრაფი მოქმედება ამ კრიზისის დასაძლევად და არა კოსმეტიკური ნახევარ-ნაბიჯები, ან წლების წინ დაანონსებული პროგრამები, რომელთა ხელმისაწვდომობაც და მიზნობრიობაც დღემდე გაურკვეველია. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება, ამჯერად მაინც მოგვისმენს და არა მარტო გაგვცემს არგუმენტირებულ პასუხებს, არამედ სამოქმედო გეგმაშიც გაითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართული სუბიექტების კვალიფიციურ რეკომენდაციებს-ნათქვამია გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგორის მუნიციპალიტეტში 23 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს ავსტრიიდან დაბრუნდებიან