ტორუნში საქართველოს შესახებ ფესტივალი ჩატარდა

პოლონეთის ტორუნში კვირას, 20 ივნისს სამდღიანი ფესტივალი “მსოფლმხედველობა” (Światopogląd) დასრულდა. მიმდინარე წელს ფესტივალი სამ ქვეყანას, კოლუმბიას, მაროკოსა და საქართველოს კულტურებს მიეძღვნა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა ლუკაშ იგნაშინსკიმ აღნიშნა, სამდღიან ფესტივალზე ქართული აქცენტები სჭარბობდა.

19 ივნისს საქართველოს პანელში პოლონელმა მოგზაურებმა ნელკა და ლუკაშ პიოტროვსკებმა ისაუბრეს სხვადასხვა საინტერესო მარშრუტებზე, რომელიც აუცილებლად სანახავია საქართველოში და საკუთარი თავგადასავლები გაიხსენეს. გარდა ამისა, მუსიკალური ფესტივალის “one Caucasus” დირექტორმა ვიტეკ ჰებანოვსკიმ ფესტივალის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთში გამართული სხვადასხვა ღონისძიებები გააცნო ფესტივალის სტუმრებს, კშიშტოფ დოუბროვსკიმ, რომელიც კავკასიის შესახებ პოლონეთში არსებული ყველაზე დიდი ვებ გვერდის “Kaukaz.pl”-ის ხელმძღვანელია,საინტერესო ისტორიული ფაქტები მოყვა საქართველოს შესახებ და საქართველოში მოგზაურობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა შეკრებილ საზოგადოებას.

დღის დასასრულს ტორუნში მცხოვრებმა ქართველებმა მთარგმნელმა შორენა აბულაძემ, მუსიკოსმა გიორგი მაკალათიამ და საბანკო უნივერსიტეტის თანამშრომელმა ეკატერინე ლემონჯავამ შეკრებილი საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს.

ფესტივალის ბოლო, ფინალურ დღეს ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის დოკუმენტური ფილმი “ეს ცხოვრება” აჩვენეს. ფესტივალი კი დახურა ქართველი მუსიკოსის გია ბეჟუაშვილისა და პროექტი “ზუმის” ქართულმა ეთნო-როკ ბენდმა.
სპეციალურად “თაიმერისთვის” ტორუნიდან

banner
წინა სტატიაშიესპანეთის პრემიერი ხვალ პატიმრობაში მყოფ კატალონიელ ლიდერებს შეიწყალებს
შემდეგი სტატიასომხეთში პაშინიანის პარტია დამოუკიდებლად შექმნის მთავრობას