ტოლერანტობის ცენტრი POSTV-ის სიუჟეტზე: ვგმობთ ეთნიკური ნიშნით დისკრედიტაციას

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც სამთავრობო პროპაგანდისტული არხი POSTV-ის არმენოფობიულ სიუჟეტს გმობენ, რომელშიც აღნიშნული ტელევიზიის ჟურნალისტი კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ეკითხება, თუ “რატომ მალავს იგი სომხურ წამომავლობას”.

“ამ სიუჟეტს მოყვა პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, ზურაბ ქადაგიძის მსგავსი ტიპის მადისკრედიტირებელი განცხადება და ასევე POSTV-ის მორიგი სიუჟეტი, სადაც ტელეარხი ცდილობს, დაამტკიცოს მამუკა ხაზარაძის თითქოსდა „სომხური“ წარმომავლობა. მსგავსი შინაარსის მედიაპროპაგანდა აქტიურად მიმდინარეობს სოციალური ქსელებითაც.

ჩამოთვლილ შემთხვევებში საქმე გვაქვს არმენოფობიული განწყობით პოლიტიკურ მანიპულირებასა და პოლიტიკური ბრძოლის ბინძურ მეთოდთან, კონკრეტული პოლიტიკოსისთვის  სხვა ეთნოსის იდენტობის გამიზნულ მიწერასთან და ამ საფუძველზე არმენოფობიური პროპაგანდისა და პოლიტიკური დისკრედიტაციის დაუშვებელ, ღირსების შემლახველ მცდელობასთან.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი და სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი ხელმომწერი ორგანიზაციები კატეგორიულად ვგმობთ და სრულიად დაუშვებლად მივიჩნევთ საქართველოში წლების წინ დამკვიდრებული ამ მავნებლური, ქვეყნის ინტერესების საზიანო „ტრადიციის“ განახლების მცდელობას, – ეთნიკური ნიშნის გამოყენებას პოლიტიკური დისკრედიტაციის, დისკრიმინაციისა და სტერეოტიპული წარმოდგენებით მანიპულაციისთვის”, – წერია განცხადებაში.

ტოლერანტობის ცენტრმა და ეთნიკური უმცირესობების საბჭომ POSTV-ისა და არმენოფობიის გამვრცელებელ სხვა სუბიექტებს მოუწოდა, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ეთნიკური იდენტობის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენების გამო და სამომავლოდაც უარი თქვან მსგავს პრაქტიკაზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და შეუსაბამოა დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან.

გარდა POSTV-ის არმენოფობიული სიუჟეტისა, განცხადებაში საბჭო გმობს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ 10 ოქტომბრის სიუჟეტში აზერბაიჯანულ თემთან მიმართებით ტერმინ “დიასპორას” გამოყენებას.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ივანიშვილს სჯერა, რომ ადამიანების მოსყიდვა არის ერთადერთი გზა მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფის ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა
შემდეგი სტატიანოდიკო ტატიშვილი: “ძალიან რთული პერიოდი დგას სნოდიკო ტატიშვილი: ქართველოში – ჩვენი ყოფნა-არ ყოფნის საკითხი, რომელიც ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ, 26 ოქტომბერს