ტოკიოდან ერ-რიადამდე – ქვეყნების რეაქციები სირიაზე დარტყმის გამო

სირიის სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო შეტევის გამო, რომელიც დღეს დილით აშშ-ს კოალიციამ განახორციელა, თითქმის ყველა ქვეყანამ გამოთქვა თავისი დამოკიდებულება. სირიასა და რუსეთის გარდა სამხედრო ოპერაცია ნეგატიურად შეაფასა ირანმა. ერაყმა, რომელიც სირიის კიდევ ერთი მოსაზღვრე სახელმწიფოა, შეშფოთება გამოთქვა მომხდარის გამო. სხვა ქვეყნები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად კონფლიქტში ჩართული არიან, სარაკეტო შეტევას მიესალმნენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტინიუ გუტერეშმა გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდა თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც სირიის კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

თურქეთმა დასავლეთის სარაკეტო შეტევას “ქიმიურ შეტევაზე ადექვატური პასუხი” უწოდა. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან პირველი კატარი იყო, რომელმაც კომენტარი გააკეთა და აშშ-ს მხარი დაუჭირა. საუდის არაბეთმაც აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. იორდანიის თქმით, კონფლიქტი პოლიტიკურად უნდა მოგვარდეს, რადგანაც ეს არის ერთადერთი გზა სირიის უსაფრთოებისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად. არაბული ქვეყნებისგან განსხვავებით, ისრაელმა დუმილი შეინარჩუნა და ახსნა-განმარტების გარეშე სამოქალაქო საავიაციო რეისებისთვის საჰაერო სივრცე დახურა გოლანის მაღლობებზე. ჩინეთმა, როგორც ყოველთვის, მსგავს შემთხვევებში, განაცხადა, რომ საერთაშორისო საქმეებში პრინციპულად წინააღმდეგია ძალის გამოყენების, რადგანაც პატივს სცემს ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. იაპონიაში, პირიქით, პრემიერ-მინისტრი სიძო აბე სამხედრო ოპერაციას მიესალმა, რამაც ტოკიოში რუსეთის ელჩის დიდი გაოცება გამოიწვია. გერმანიამ დასაწყისშივე თქვა, რომ სამხედრო ოპერაციაში არ მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ მოკავშირეებს მხარი დაუჭირა. აშშ-ს, საფრანგეთისა და ბრიტანეთის სარაკეტო წერტილოვან თავდასხმას მიესალმნენ შემდეგი ევროპული ქვეყნები: ჩეხეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ლიტვა, ესტონეთი და უკრაინა. ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა “ტვიტერში” დაწერა, რომ გაერთიანება მხარს უჭერს კოალიციის მოქმედებებს სირიაში. ევროპული კომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა სპეციალურ განცხადებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ ქიმიური თავდასხმაში ეჭვმიტანილები გაირკვნენ და სამართლებრივად აგონ მასზე პასუხი. ასევე, იუნკერი თვლის, რომ სამოქალაქო ომისგან დანგრეული სირია უკიდურესად საჭიროებს კონფლიქტის პოლიტიკურ გადაჭრას. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ფედერიკ მოგერინმა მოსკოვს და თეირანს მიმართა, რომ გამოიყენონ საკუთარი გავლენები იმისათვის, რომ სამომავლოდ ქიმიური შეტევა არ მოხდეს – “ბიბისი” წერს. საქართველოც მიესალმა კოალიციის მოქმედებებს სირიაში.

კოალიციამ აშშ-ს ხელმძღვანელობით დამასკოზე, პროვინცია ჰომსზე დარტყმები მიიტანა. საქართველოს დროით 05.00 საათზე აშშ-ს პრეზიდენტმა სირიის დაბომბვის ბრძანება გასცა დუმაში მშვიდობიანი მოსახელობის წინააღმდეგ შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების გამო.
“თანამოქალაქეებო, ამერიკელებო, ცოტა ხნის წინ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს ვუბრძანე მიზნებზე მაღალი სიზუსტის დარტყმების განხორციელების შესახებ, რომელიც სირიელი დიქტატორის ბაშარ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო გადავწყვიტე” – დონალდ ტრამპმა განაცხადა. “2013 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის ქიმიური იარაღის განადგურების გარანტიას აძლევს მსოფლიოს. ასადის შეტევა და დღევანდელი პასუხი – ეს რუსეთის მიერ დადებული პირობის ჩავარდნის პირდაპირი შედეგია ” – დაამატა ტრამპმა.

კოალიციაში შედიოდნენ ბრიტანეთი და საფრანგეთი. მათი მთავარი მიზანი დამასკოში მდებარე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იყო, რომელიც ქიმიური იარაღის წარმოებას აგრძელებდა. ასევე, მიზანი იყო ჰომსში მდებარე ქიმიური იარაღის ბაზა. მედიის ინფორმაციით, დაიბომბა, ასევე მეზზას აეროპორტი დამასკოში და ად-დუმეირის აეროპორტი აღმოსავლეთ გუტაში.

სულ, სირიის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, 100 რაკეტამდე გაუშვეს.

banner
წინა სტატიაშიაქვთ თუ არა აშშ-ს და მოკავშირეებს სირიაში კანონიერად ყოფნის უფლება
შემდეგი სტატიასირიელი უფლებადამცველები პენტაგონს არ ეთანხმებიან