ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 28, 2020 09:32

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია გაეცნენ.
ჩხოროწყუს მერის თქმით, ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
„დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ტობავარჩხილის ტბა მთელი საქართველოს მასშტაბით გამორჩეული ბუნების ძეგლია. დღეს მისი ხილვა მხოლოდ რთული მარშრუტითაა შესაძლებელი. ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობის შემდეგ კი მეტ ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორს ველით, პროექტი ჩხოროწყუს მოსახლეობას ტურისტული სერვისების განვითარების შესაძლებლობას მისცემს.“ – განაცხადა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დავით გოგუამ.
სამუშაოები გზის 10-კილომეტრიან მონაკვეთზე ტარდება, სავალი ნაწილის სიგანე 6.5 მეტრია. პროექტის მიხედვით იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 5.9 მილიონი ლარია. გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს დაახლოებით 24 თვე დასჭირდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. სამუშაოებში 30-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.
ტობავარჩხილის ტბა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს, გამოირჩევა სუფთა წყლით და ლამაზი ლანდშაფტით. ტბა შემოფარგლულია კლდოვანი ნაპირებით და გარშემორტყმულია ალპური საძოვრებით, უნიკალურ სანახაობას ქმნის ტბის სიახლოვეს არსებული მყინვარები. გზად მთიანი სამეგრელოს ულამაზესი ადგილები, ტყეები, ველური ბუნება, ალპური ზონა, მდინარეები და ჩანჩქერებია. ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 28, 2020 09:32