“ტყვიავში სექსი აკრძალეს, რომ აღარ გაჩნდეს შენფერი”-მიხეილ ქარელი გორის მაჟორიტარად?

„ქართული ოცნება“ მათთან დაპირისპირებულ ირაკლი ოქრუაშვილს ყველზე ხშირად მიხეილ ქარელის გამორჩევის და აღზევების გამო საყვედურობდა. ადამიანის უფლებების წიხლქვეშ გამგდები ქარელი მართლაც რომ შავი ლაქაა ოქრუაშვილის ბიოგრაფიაში. გასული წლის ზაფხულიდან კი მმართველმა პარტიამ ქარელის საფირმო რუსულსაც შეაჩვია ყური და მისი ცოდვებიც დაივიწყა. ის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მათთვის გახდა ოქროს მოწმე, თან ისეთი მაღალი სინჯის ოქროს მოწმე, რომ მზად არიან შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი „ოცნების“ საარჩევნო სიაშიც კი ჩასვან.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ის შეიძლება მმართველმა პარტიამ გორის მაჟორიტარად წარადგინოს.

„თაიმერი“ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში წერდა, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების გამო ქარელმა ბიძინა ივანიშვილისგან გარკვეული თანხა მიიღო. ექსგუბერნატორმა შარშან ზაფხულში თქვა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ხელმოწერები გააყალბა. როგორც „თაიმერს“ „ოცნებასთან“ დაახლოებულმა წყარომ უამბო, ქარელთან მოლაპარაკებები გოგა ხაინდრავამ აწარმოა და ეტყობა ძალიან კარგადაც, რამეთუ ქარელმა შარშან ოქრუაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი ჩვენება მისცა.
მისი მტკიცებით, ირაკლი ოქრუაშვილმა ერთ-ერთ სუფრაზე მოყვა იმის შესახებ, თუ როგორ გააყალბა ბუტა რობაქიძის საქმის მასალები. საინტერესოა, რომ ქარელი ვერ იხსენებს თუ ვინ ესწრებოდა მის გარდა ამ სუფრას და არც ის ახსოვს თუ სად გაიმართა პურის-ჭამა – რესტორანში თუ ვინმეს სახლში.

გორში „ოცნების“ მიერ ქარელის მაჟორიტარად წარდგენის შესაძლებლობას უარყოფითად შეხვდნენ. აქაურებს კარგად ახსოვთ მისი თავგასულობა. ყოფილი გუბერნატორი ადამიანის უფლებების დარღვევით გამოირჩეოდა და არც ქონების წართმევაზე ამბობდა უარს.
წლების წინ მის გამო ადამიანებს გორიდან გამოქცევაც კი მოუწიათ. გორში იყო ასეთი მომღერალი მიშიკო კოშკაძე, რომელიც ახლახან გარდაიცვალა. ის გორში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. კოლორიტულმა მომღერალმა ერთხელ ქარელზეც იმღერა რაღაც სიმღერა, სადაც ასეთი ფრაზა იყო: „ტყვიავში სექსი აკრძალეს, რომ აღარ გაჩნდეს შენფერი“. ქარელი წარმოშობით ტყვიავიდან გახლავთ.
მაგ დროს ქარელს მიშა თავის მზის სწორად მიაჩნდა და ამ ამბავს როგორ გადაიტანდა?! დაიწყო მომღერლის დევნა. მას ოჯახის განადგურებით ემუქრებოდნენ, იდევნებოდნენ მისი მეგობრებიც. კოშკაძე იძულებული იყო გორიდან გაქცეულიყო.
მიშიკო კოშკაძემ ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველსაც მიმართა. მაშინ სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გახლდათ. სუბარმა ამ ფაქტზე საგანგებო განცხადება გააკეთა და საქმის გამოძიება მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ქარელისგან 2004 წელს სუბარსაც მოხვდა. ეს მაშინ მოხდა, როცა ყოფილი სახალხო დამცველი გორში ჩავიდა ქარელისგან აწიოკებული ხალხის გამოსარჩლებლად. იქ მას მაშინდელი გუბერნატორის ზონდერები დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის სახელს ადგილობრივი ჟურნალისტების ცემაც უკავშირდება.

ეს ყველაფერი კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“ და ამის მიუხედავად, ისინი მზად არიან ქარელს ამაგი დაუფასონ და პარლამენტში წამოჭიმონ. მაჟორიტარული არჩევნების მოგების შანსი მას თითქმის არ აქვს, მაგრამ სიაში უპრობლემოდ ჩასვამენ. არაა გამორიცხული სადმე კარგ და სარფიან სამსახურშიც დაასაქმონ.
სოზარ სუბარი ვახსენეთ და საინტერესო იქნება მისი პოზიცია მიხეილ ქარელზე. წლების წინ ის ყოფილ გუბერნატორს უფლებების დამრღვევად მიიჩნევდა. ურიგო არ იქნება თუ ის ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზეც იტყვის რამდენიმე სიტყვას. შეიძლება, თავად აღარ ახსოვს უკვე, მაგრამ ის ხომ ოქრუაშვილის პარტიის წევრი იყო.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუში მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებს ოთო შენგელიას, ირაკლი ნაჭყებიასა და ნუკრი ცქვიტიშვილს ფიზიკირად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატია“დუმილით და გულში ვიგლოვოთ ჩვენი ანიტა”