ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი – პრემიერი ჭუბერის სტიქიაზე

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ჭუბერში შექმნილ ვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტყის უსისტემო ჭრამ. მამუკა ბახტაძის თქმით, სვანეთში მომხდარმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საჭიროა მთელი საქართველოს მასშტაბით გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები,
„პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ. ტყის უსისტემო ჩეხვა არ შეიძლება. ესაა ჩემი პასუხი. მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან და ამის ყველა ნიშანი არსებობს, გამოიწვია უხვი ნალექსის მოსვლამ. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ გვქონდეს გამართული სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლებიც საქართველოში გვაქვს ორი და უნდა გაკეთდეს ყველგან.
მომავალი წლიდან კი ვიწყებთ მასშტაბურ ღონისძიებას, რომ ყველგან გვქონდეს აღნიშნული სისტემები დამონტაჟებული, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ. მაგრამ აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ პირველადი შეფასებით ჭარბმა ნალექმა გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ჭუბერის ხეობაში საკვების, წყლისა და მედიკამენტებით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად სრული მობილიზებაა.
“საგანგებო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, ნალექის უხვად მოსვლამ გამოიწვია მდინარის ადიდება. 6 ხიდი არის წაღებული, ტექნიკა არის მობილიზებული და ახლა ველოდებით, რომ წყლის დონემ დაიწიოს, რათა დავიწყოთ გზის აღდგენის სამუშაოები. რაც მთავარია ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია საკვების, სასმელი წყლის და მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ამ თვალსაზრისით რისკები აღარ არის, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24 საათიან მონიტორინგს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სასმელი წყალი დაურიგდა
შემდეგი სტატიაასადის რეჟიმის გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე სირიის უკვე მეორე ოპოზიციურმა გაერთიანებამ დაგმო