ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ცეცხლის ქრობის პროცესს სპეციალურად შექმნილი საგანგებო შტაბი ადგილზე ხელმძღვანელობს.
რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 250-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელი და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ცეცხლის ქრობის ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებენ, რათა ხანძრის ლიკვიდაცია უმოკლეს დროში მოხდეს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, ჩართულია 20-მდე მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, 18 ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და კომპანია „თუშეთის“ ვერტმფრენები. საჰაერო ტექნიკამ დღის განმავლობაში 104 გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 215 ტონა წყალი დაასხა.
ხანძრის კერების მონიტორინგს საქართველოს საჰაერო ნავიგაციის ვერტმფრენი ახორციელებს.