ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

ტყიბულში მიმდინარე წლის 5 აპრილს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა.

სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. ექვსივე დაკავებული ხუთი ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

შახტში მომხდარ ფაქტზე კომპანია „საქნახშირის“ ექვსი თანამშრომელი იყო დაკავებული, მინდელის სახელობის შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, დირექტორის მოადგილე ტარიელ აბესაძე, მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე, თანაშემწე გოჩა ქასრაშვილი, უბნის უფროსი მურად აბულაძე და მენეჯერი მამული კუბლაშვილი.

დაკავებულებს გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შემთხვევის შედეგად მინდელის სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო – განათლების სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია გრძელდება